მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სრულად ელექტრო და უფრო დახვეწილი - Porsche Macan-ის შთამბეჭდავი პრეზენტაცია ინდუსტრიულ სივრცეში

ქქ
07.10.24 19:26
446
  • გერმანული პრემიუმ კლასის პირველი ელექტრო SUV პორშე ცენტრი თბილისის შოურუმში უკვე ხელმისაწვდომია.

  • საერთაშორისო პრემიერის შემდეგ ელექტრიფიცირებული Porsche Macan-ის მსოფლიო გაყიდვები ერთდროულად დაიწყო.

სრულიად განსხვავებული შესაძლებლობებით, თუმცა Porsche-ს ელეგანტური სტილითა და დიზაინით გამორჩეული ელექტრომოდელი Porshce Macan-ი საქართველოშია. გერმანული ავტოგიგანტის პირველი SUV ქართველ მომხმარებელს „პორშე ცენტრი თბილისმა“ ისტორიულ სივრცეში წარუდგინა. კომპანიამ სტუმრებს ავანგარდული არქიტექტურით გამორჩეულ, ცნობილ, ძველი ქართული კინოსტუდიის ტერიტორიაზე უმასპინძლა.

ახალი Macan-ი 639 ცხენის ძალამდე სიმძლავრით გზებსა და უგზოობაზე განსაკუთრებული ელექტროპერფორმანსით გამოირჩევა. Taycan-ის შემდეგ ეს Porsche-ს მეორე ელექტრიფიცირებული ავტომობილია. ერთდროულად თანამედროვე და კლასიკური Macan-ი Porsche-ს 2024 წლის მთავარი სიახლეა. თბილისურ პრემიერაზე პრეზენტაციას „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი ნიკა კოხოძე და „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი პეტრე წაქაძე უძღვებოდნენ.

„ახალი სრულად ელექტრო Porsche Macan-ი წლის მთავარი მოვლენაა Porsche-სთვის და ცხადია, „პორშე ცენტრი თბილისისთვის“. ამჯერადაც ფეხდაფეხ მივყვებით Porsche-ს სიახლეებს და მოხარულები ვართ, რომ მსოფლიო პრემიერის შემდეგ შესაძლებლობა გვაქვს, ელექტრიფიცირებული Macan-ი ჩვენს მომხმარებელსა და პარტნიორებს წარვუდგინოთ. ეს არის Porsche-ს პირველი ელექტრო SUV, რომელიც ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. განახლებული და უფრო დახვეწილია დიზაინი როგორც ექსტერიერში, ისე ინტერიერში. ბუნებრივია, რადიკალურად შეცვლილია ძრავა, თუმცა უცვლელია Porsche-ს მართვის უნიკალური დინამიკა. ახალი Macan-ი გამოირჩევა სპორტქარისათვის დამახასიათებელი მართვადობით, შემცირებულია დამუხტვის დრო, დაფარვის მანძილი კი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 654 კილომეტრს შეადგენს. ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ Porsche-ს ეს ეკომეგობრული მოდელი საუკეთესოა, როგორც ყოველდღიური გადაადგილებისთვის, ისე შორ მანძილზე სამოგზაუროდ.

საერთაშორისო გაყიდვები ერთდროულად იწყება, მათ შორის არის საქართველო, სადაც გერმანულ ბრენდს „პორშე ცენტრი თბილისი“ უკვე 13 წელია წარმოადგენს და რეგიონში Porsche-ს ჰაბად მიიჩნევა. აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებელი სულ უფრო აქტიურად ირჩევს ელექტრიფიცირებულ ავტომობილებს. ჩვენც ვაგრძელებთ ეკომეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაციას და არჩევანთან ერთად, შესაბამის ინფრასტრუქტურასაც ინტენსიურად ვაფართოებთ“, - განაცხადა მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარმა ოფიცერმა პეტრე წაქაძემ.

ისტორია, თანამედროვეობა და მომავალი „პორშე ცენტრი თბილისმა“ ერთ სივრცეში გააერთიანა და პრეზენტაციისათვის ინდუსტრიული გარემო შეარჩია. კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ყველაზე დიდი პავილიონის 1300 M2 ტერიტორია საექსპოზიციო დარბაზად იქცა. მთავარი ექსპონატი ელექტრო Porsche Macan-ი იყო, რომელიც ორგანიზატორებმა შუქ-ჩრდილებისა და შოუს ელემენტებით დატვირთული პერფორმანსის ფონზე წარმოადგინეს. საგანგებოდ შერჩეული, დახვეწილი ლავანდისფერიც სიმბოლურად ახალი მოდელის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს, ელეგანტურ დიზაინს უსვამდა ხაზს.

700-მდე სტუმრისათვის ღონისძიებას მუსიკალურად, კლასიკური როიალისა და ელექტრონიკის თანხლებით, არტისტი kordz აფორმებდა. ცოცხალი შესრულებით წარდგა ასევე ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდი MokuMoku.

„Porsche Macan-ის პრეზენტაცია ამ განსაკუთრებული მოდელის კონცეფციის მიხედვით დაიგეგმა. ხედვა განვითარებასა და წინსვლაზეა დამყარებული, სადაც საფუძველი ბრენდის საწყისები და ურყევი ღირებულებებია. მთავარი საკომუნიკაციო მესიჯიც ასე განსაზღვრეს: Keep your essence - შეინარჩუნე შენი არსი. ჩვენი დღევანდელი პერფორმანსითაც გვინდოდა ეს იდეა გადმოგვეცა. შევარჩიეთ სივრცე, სადაც თითქოს თანამედროვეობა და კლასიკა ერთმანეთს ერწყმის. ისტორიული კინოსტუდიის ტერიტორიას, რომელიც ერთ დროს დედაქალაქის გამორჩეული ადგილი იყო, ღონისძიებისათვის იერსახე სრულიად შევუცვალეთ. საგანგებოდ შერჩეული ფერებითა და შოუს ელემენტებით შევეცადეთ, Porsche-ს ახალი მოდელის სტილი და ხასიათი წარმოგვეჩინა. იმედი გვაქვს, სათქმელი მომხმარებლამდეც ზუსტად მივიტანეთ და ახლა Porsche-ს მოყვარულებს „პორშე ცენტრი თბილისის“ შოურუმში დაველოდებით“, - განაცხადა „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა თამარ ხოსროშვილმა.

ღონისძების მხარდამჭერები იყვნენ TBC დაზღვევა, TBC ლიზინგი, TBC კონცეპტი, „ალდაგის“ პერსონალური დაზღვევა Primo და Gastronome.

Porsche Macan Turbo - ტექნიკური მახასიათებლები

ახალი ელექტრო Macan-ის სიმძლავრე 639 ცხენის ძალამდეა. DC-დამუხტვის სიმძლავრე კი - 270 კილოვატამდე. შესაბამისი დამტენით ავტომობილის 10-დან 80 პროცენტამდე დამუხტვა დაახლოებით 21 წუთშია შესაძლებელი. სრული დატენის შემთხვევაში, ელექტრომობილს 613 კილომეტრის გავლის რესურსი აქვს WLTP-ის მიხედვით.

ახალი მაკანის ელექტროძრავები ენერგიას ავტომობილის ძირში განთავსებული ლითიუმ-იონური ელემენტებისგან იღებს. Porsche-ს ახალი პლატფორმის, Premium Platform Electric-ის (PPE) ცენტრალური ნაწილი 800-ვოლტიანი არქიტექტურის მქონე HV-ბატარეაა, რომელიც გერმანული ბრენდის სამოდელო რიგში პირველმა სწორედ ახალმა Macan-მა მიიღო.

Porsche Active Aerodynamics-ით, აქტიური და პასიური ელემენტებით, ასევე ჰაერის წინააღმდეგობის 0,25-იანი კოეფიციენტით ახალი „მაკანი“ ერთ-ერთი ყველაზე აეროდინამიკური SUV-ია, რაც დადებით გავლენას ახდენს როგორც ერთი დამუხტვით გასავლელ მანძილზე, ისე ენერგიის ხარჯზე.

ამასთან ერთად, ელექტრიფიკაციის შემდეგ Macan-ი უფრო მეტად ტევადია. საბარგულის მინიმალური მოცულობა კომპლექტაციების მიხედვით 540 ლიტრამდეა.

ინტერიერში კი Porsche-სთვის დამახასიათებელი გარემოა. თანამედროვე, ციფრული ეკრანების გარდა, ასევე განთავსებულია ჰაერის დამბერებისა და კლიმატკონტროლის სამართავი ელემენტები. კოკპიტსა და კარებზე LED განათების ხაზია ინტეგრირებული. ასევე ახალმა Macan-მა მაჩვენებლებისა და მომსახურების კონცეფციის უახლესი თაობა მიიღო - მაქსიმუმ 3 ეკრანით.

ზამთარში გამართული წარდგენის შემდეგ Porsche Macan-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად ჩაეშვა გაყიდვაში. მათ შორის არის საქართველო და „პორშე ცენტრი თბილისი“, რომელიც აღმაშენებლის ხეივნის №129-ში მომხმარებელს Destination Porsche კონცეფციით შექმნილ შოურუმში ელოდება.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ,,პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები