მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სრული იზოლაცია ნიშნავს უმწვავეს ეკონომიკურ კრიზისს" - ანალიტიკოსის მოსაზრება

5e66607a4f558
ინგა მურუსიძე
09.03.20 19:30
973
„საქართველოში, საწვავის ფასი, ჯერჯერობით, არ შეცვლილა, ამას მიზეზი და საფუძველი აქვს, ვინაიდან ნავთობკომპანიებს ის გარკვეულ ფასად აქვთ ნაყიდი, შესაბამისად, აქვთ მარაგი და გლობალურად ფასის შემცირება მარაგზე მაშინვე ვერ იმოქმედებს”, - ამის შესახებ ფინანსისტმა გია ჩქოფოიამ bm.ge-ის გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასის რეკორდულად შემცირების და აღნიშნულის საქართველოს ბაზარზე ასახვის შესაძლო ვადების კომენტირებისას განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ დღევანდელი დღე საერთაშორისო ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასის რეკორდული - 30%-იანი ვარდნით გაიხსნა, რაც საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის ნავთობის წარმოების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიუღწევლობამ განაპირობა, საპასუხოდ საუდის არაბეთმა სარეალიზაციო ნავთობის ფასი დაწია, რასაც მალევე საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის ვარდნა მოჰყვა. დროის გარკვეულ მონაკვეთში ბარელი ნავთობის ფასი $30-ზე ქვემოთაც ჩამოვიდა (ამჟამად $32).

ამასთან, bm.ge დაინტერესდა, როდის შეიძლება აისახოს ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე გაიაფება ქართულ ბაზარზე და იმოქმედებს თუ არა ეს ფაქტორი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შერბილებაზე, რადგან საწვავის წვლილი ინფლაციაში საკმაოდ მნიშვნელოვანია.

ფინანსისტი გია ჩქოფოია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების წინაპირობებს ვერ ხედავს, მაგრამ ახლა არც შემსუბუქების მოლოდინი აქვს.

„გასაგებია, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის შემცირებას საქართველოში მყისიერი ეფექტი არ აქვს, თუმცა თუ ტენდენცია ასე გაგრძელდა, მაშინ ქვეყნის შიგნით, ნავთობპროდუქტებზეც, ბუნებრივია, აისახება. რაც შეეხება იმას, ექნება თუ არა აღნიშნულ მაჩვენებლებს გავლენა ინფლაციაზე, გეტყვით, რომ ინფლაციაზე გავლენა ექნება, თუკი შემცირების ტენდენცია შენარჩუნდა იმდენი ხანი, რომ ფასების კლება გამოიწვია. ანუ, როდესაც საწვავის ფასი მცირდება, ხარჯების კომპონენტში, კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ფასები შეამცირონ, თუმცა ამის პროგნოზირება ბოლომდე შეუძლებელია, ვინაიდან პანიკის ფონზე იზრდება პროდუქტის მოხმარება. ანუ ადამიანები ფულს კი არ იტოვებენ ჯიბეში, არამედ პროდუქტებს ყიდულობენ და როცა მკვეთრი ზრდა არის მოთხოვნაზე და ეს არ ეხება მხოლოდ ფარმაკოლოგიას, არამედ ეხება კვების პროდუქტებს, ეს გავლენას იქონიებს ლარის კურსზე. მოხმარება ზოგადად ასტიმულირებს ლარის კურსსაც და იმავდროულად ინფლაციურ მოლოდინებს ზრდის. ამიტომ ის ფაქტორი, რომ ერთი მხრივ, ლარის კურსი გამყარდება, მეორე მხრივ, მოხმარების ზრდის პირობებში ინფლაციის ზრდის წინაპირობები გვაქვს, ეს როგორ დაბალანსდება და საბოლოოდ, ნაკლებ ინფლაციას მივიღებთ, თუ - მეტს, ამის თქმა ამ ეტაპზე შეუძლებელია“, - განაცხადა ჩქოფოიამ.

რაც შეეხება კორონავირუსის გლობალური გავრცელების ფონზე, რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს ეკონომიკა და რა უნდა გააკეთოს მთავრობამ მაქსიმალურად ნაკლები ზარალით გამოსასვლელად, ჩქოფოია ფიქრობს, რომ აუცილებელია, მოხდეს მეტ-ნაკლებად ისეთ აქტივობებზე თავისუფლების დაშვება, რომელიც ჩვენი ეკონომიკის მთავარი არტერიაა.

„იმდენად ბევრი ცვლადი მონაწილეობს ახლა ეკონომიკაში, რომ შეუძლებელია რაიმე ტიპის პროგნოზის გაკეთება. რაც შეეხება გამოწვევებზე გამკლავებას, ახლა ჩვენ არჩევანის წინაშე ვდგავართ: ერთ მხარეს არის თვითიზოლაცია ანუ პრინციპი - არაფერი და მეორე მხარეს დგას სრული გახსნილობა ანუ ყველაფერი. სრული იზოლაცია ნიშნავს გაღატაკებას და უმწვავეს ეკონომიკურ კრიზისს, ხოლო ყველაფრის გახსნა ნიშნავს ჯანდაცვასთან დაკავშირებული რისკების გაზრდას. ყველაზე მთავარი ალბათ არის ოპტიმალური წერტილის პოვნა. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობაში ადამიანები მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად არ მოქმედებენ. ვფიქრობ, უნდა მოხდეს იმ ინდუსტრიების იდენტიფიცირება, სადაც გარკვეული ტიპის შემზღუდავი ნაბიჯების გადადგმა ნაკლებად დაგვაზარალებს და პირიქით, უნდა მოხდეს მეტნაკლებად ისეთ აქტივობებზე თავისუფლების დაშვება, რომელიც მთავარი არტერიაა ჩვენი ეკონომიკის. შეიძლება ამ სცენარებს გეგმავენ, თუმცა ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ“, - განაცხადა ჩქოფოიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები