პროფესიული სასწავლებლების და კოლეჯების ელექტრობის მიმართულების 20 წარმატებულ სტუდენტთან სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ უკვე გააფორმა ხელშეკრულება. კომპანია მათ სწავლის პერიოდში სტიპენდიას გადაუხდის. სწავლის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს კომპანიაში ანაზღაურებადი სტაჟირების, ბოლოს კი დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.
"გასაუბრების შემდეგ, სტიპენდიის დანიშვნას არ ველოდით, რადგან საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო. ვეცდებით ჩვენს პროფესიაში წარმატებებს მივაღწიოთ. სტიპენდია ძალიან დიდ მოტივაციას აძლევს ახალგაზრდას, რომ სწავლა გაიღრმაოს“, - ამბობენ "ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის“ ელექტრობის მიმართულების სტუდენტები ეკატერინე შველიძე და ნინო ბერიძე.
"ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ პროფესიას სქესი არ აქვს და ამიტომ მოუწოდებენ გოგონებს - აირჩიონ სინათლე, ჩააბარონ ელექტრობის პროგრამებზე. კომპანია კი მათ კარიერაზე ზრუნვას ჰპირდება.