მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სსფ-ს პროგრამის არსებობა ქვეყანაში არის ის დადებითი სიგნალი, რომელიც გადაეცემა პოტენციურ ინვესტორებს"

58b6dd5faa18e
BM.GE
01.03.17 18:40
1183
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში 285 მილიონი დოლარის მოცულობის, 3-წლიან პროგრამას იწყებს, ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა პირველ ვიცე-პრემიერ, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფნგზე განაცხადა. ბრიფინგზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ პროგრამით მოხდება ეროვნული ბანკის რეზერვების მხარდაჭერა და განმტკიცება. კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ პროგრამის დაწყება დადებითი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვისაც:

"მოხარული ვარ, რომ დღეს შეგვიძლია გაცნობოთ მისიის დონეზე მიღწეული შეთანხმების შესახებ 3-წლიანი პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ის პროგრამა, რომელიც შემუშავდა ჩვენი ხელისუფლების მიერ და რომელიც სსფ-ს დახმარებით განხორციელდება. ეს არის პროგრამა "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი" (EFF), რომელიც, როგორც წესი გამოიყოფა იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც აქვთ მოკლევადიანი პრობლემები საგადასახდელო ბალანსში და ზუსტად ამ პერიოდში ხდება მათთვის დახმარების მიღება. პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ბანკი მიიღებს 3 წლის განმავლობაში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდში არსებული 100 პროცენტის ქვოტის რაოდენობის თანხას, ეს დაახლოებით 285 მილიონი აშშ დოლარია.

ამ პროგრამის მიხედვით მაქსიმალური თანხა, რომელიც შეიძლება ქვეყანამ მიიღოს არის ქვოტის 435 პროცენტი. ჩვენს შემთხვევაში ვსაუბრობთ მხოლოდ ქვოტის 100 პროცენტზე. მოგეხსენებათ, რომ ყველა პროგრამის მნიშვნელოვანი მიზანი, რომელსაც მხარს უჭერს სსფ, ეს არის ეროვნული ბანკის რეზერვების განმტკიცება და ზრდა, რადგანაც ეროვნული ბანკის რეზერვების უფრო მყარი პოზიცია ზრდის ქვეყნის მდგრადობას შოკების მიმართ. ამავე დროს იზრდება ინვესტიციები და მაკროეკონომიკური სტაბილურობა.

გარდა ამისა, სსფ-ს პროგრამის არსებობა ქვეყანაში არის ის დადებითი სიგნალი, რომელიც გადაეცემა პოტენციურ ინვესტორებს, არამარტო უცხოელ ინვესტორებს, არამედ შიდა ინვესტორებსაც, რომ ის მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება არის კარგი და დადებითი, რამაც დამატებითი სტიმული უნდა შექმნას ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის. ამ მხრივაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება იმ ნაწილს, რომელშიც ეროვნული ბანკი მონაწილეობდა საკმაოდ ფართო სპექტრია საკითხებისა, რომელიც პროგრამის განხორციელების განმავლობაში გვაქვს განსაზღვრული. ეს არის პირველ რიგში მიმართული იმისკენ, რომ უფრო განვითარდეს და შემდეგ ეტაპზე გადავიდეს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განხორციელების მექანიზმები, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს.

განსაზღვრულია მემორანდუმის გაფორმება ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს შორის ლიკვიდურობის პროგნოზირებასთან დაკავშირებით, რაც მოგვცემს შესაძლებლობას უკეთ მოვახდინოთ ლიკვიდურობის პროგნოზირება. ეს კი შეამცირებს ლიკვიდობის რისკებს სისტემაში.

ამავე დროს, მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ ფასიანი ქაღალდებისა და კაპიტალის ბაზრების განვითარების საკითხებს. უფრო სწორედ, ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზრის განვითარების მიზნით, შემუშავდა სტრატეგია კაპიტალის ბაზრის განვითარების შესახებ და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ იმ პუნქტებს, რომელიც ამ სტრატეგიაშია მოცემული. გარდა ამისა, პროგრამის განხორციელების პერიოდში გაიზრდება მონეტარული პოლიტიკის განხორციელების საჯაროობა, რაც თავისთავად გაზრდის სანდოობას ეროვნული ბანკის პოლიტიკის მიმართ.

რაც შეეხება ფინანსურ სექტორს, ის ღონისძიებები, რომელიც დასახული გვაქვს, მიმართულია ფინანსური სისტემის სტაბილურობის გაუმჯობესებისაკენ, რათა ხელი შეეწყოს ჯანსაღი სტანდარტების დანერგვას და შეზღუდოს ჭარბვალიანობის ზრდა სისტემაში. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ იგეგმება სხვადასხვა მიმართულებებით ღონისძიებები, ერთ-ერთი ღონისძიება არის მინიმალური კაპიტალის ზრდა ბანკებისათვის, დღესდღეობით ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია საქართველოში და ეს არის სიგნალი, რომ საბანკო საქმიანობას ქვეყანაში ფინანსურად ძლიერი ინსტიტუტები შეძლებენ", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები