"საშუალოვადიან პერიოდში, როდესაც ეკონომიკური სიტუაცია მეზობელ ქვეყნებში ნორმალიზდება, საქართველო უნდა დაუბრუნდეს წინა წლების ზრდის ტემპებს“, - ამის შესახებ ქართულ Forbes-თან ინტერვიუში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინმა განაცხადა. მისი თქმით, უწყვეტი და სტაბილური ზრდის ძირითადი პირობა არის ძლიერი მაკროეკონომიკური საფუძვლები და ფონდი აწარმოებს მუდმივ დიალოგს საქართველოს ხელისუფლებასთან მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ჯანსაღი მაკროპოლიტიკის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.
"სტრუქტურული რეფორმები მეტად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველომ საკუთარი პოტენციალი განავითაროს. ისეთი გარემოს ხელშეწყობა, სადაც ადვილია კომპანიების დაფუძნება და ბიზნესის წარმოება, ახალი, ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესების განვითარება და მაღალი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალის უზრუნველყოფა – უფრო მაღალი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის ძირითადი ელემენტებია. კაპიტალის ბაზრისა და ფინანსური და საპენსიო სისტემის მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმები ასევე დაეხმარება ადგილობრივი დანაზოგის მობილიზებაში ინვესტიციებისა და ზრდის დასაფინანსებლად.
თუმცა, არსებობს რისკებიც. საგარეო გარემო კვლავაც გაურკვევლობით ხასიათდება. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის დაბალი ფასები კარგია საქართველოსთვის, აიაფებს რა ნავთობის იმპორტს, მათ უარყოფითი გავლენა აქვთ რუსეთზე, ხოლო შენელება ჩინეთის ეკონომიკაში უარყოფითად მოქმედებს საქართველოსა და რეგიონზე", - განაცხადა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა.

























