მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების ანგარიშგება ნაკლოვანებებით ხასიათდება - აუდიტი

აუდიტი

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში სსიპ/ა(ა)იპ-ების შესახებ ინფორმაციის ანგარიშგება გარკვეული ნაკლოვანებებით ხასიათდება. ამის შესახებ აუდიტის მოხსენებაში წერია, რომელიც უწყებამ საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ მოამზადა.

აუდიტის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ნაერთი ბალანსის დოკუმენტში არ ხდება ინფორმაციის წარმოდგენა ინდივიდუალური სსიპ/ა(ა)იპ-ის შემოსულობების/გადასახდელების შესახებ, მათი ფორმირების წყაროების მიხედვით.

“2022 წელთან შედარებით, ჯამურად, სსიპ/ა(ა)იპ-ების საკუთარი შემოსულობები და გადასახდელები გაიზარდა, შესაბამისად, 438 მლნ და 409 მლნ ლარით და 3.4 მლრდ ლარი და 3.0 მლრდ ლარი შეადგინა. სსიპ/ა(ა)იპ-ების 2023 წლის ბიუჯეტების დაგეგმვასთან დაკავშირებით საყურადღებოა, რომ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონზე თანდართული ინფორმაციის მიხედვით, 36 უწყების მიერ საკუთარი შემოსულობები და გადასახდელები ნულოვანი ოდენობით დაიგეგმა. მიუხედავად ამისა, ფაქტობრივმა მაჩვენებლებმა, შესაბამისად, 98 მლნ ლარი და 25 მლნ ლარი შეადგინა. გარდა ზემოაღნიშნული უწყებებისა, 27 ორგანიზაციის მიერ შემოსულობები ნულოვანი მაჩვენებლით, ხოლო გადასახდელები 120 მლნ ლარის ოდენობით დაიგეგმა. ფაქტობრივად კი მობილიზებულ იქნა 123 მლნ ლარის შემოსულობები, საიდანაც ათვისებულ იქნა 122 მლნ ლარი”, - წერს აუდიტი და აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ორგანიზაციის შემთხვევაში შემოსულობებისა და გადასახდელების ნულოვანი ოდენობით დაგეგმვას და შემდგომ ფაქტობრივად მობილიზებას/გაწევას სისტემატური ხასიათი გააჩნია.

“კერძოდ, ზემოხსენებული 36 უწყებიდან 18 ორგანიზაციის მიერ შემოსულობები და გადასახდელები 2022 წელსაც ნულოვანი მაჩვენებლით დაიგეგმა, თუმცა შემოსულობების ფაქტობრივი მოცულობა 19 მლნ ლარს, ხოლო გადასახდელები - 23 მლნ ლარს გაუტოლდა”, - აღნიშნულია აუდიტის მოხსენებაში.

“სსიპ/ა(ა)იპ-ების გეგმურ და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის არსებული გადახრები სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული. კერძოდ, დაგეგმილი ბიუჯეტის გადაჭარბებით (გეგმასთან შედარებით 20%- ზე მეტით) ათვისება ხშირ შემთხვევაში წლის განმავლობაში დამატებითი ადამიანური რესურსის საჭიროებას, დამატებითი აქტივობების დაგეგმვას, გასულ წელს/წლებში დაგეგმილი და გაჭიანურებული სამუშაოების მიმდინარე წელს გადმოტანას უკავშირდება. თუმცა ობიექტური გარემოებებით გამოწვეული მიზეზების გარდა, აღნიშნული გარკვეულ შემთხვევებში, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში არსებულ ნაკლოვანებებზე მიუთითებს.

რაც შეეხება დაგეგმილი ბიუჯეტის დაბალ ათვისებას (გეგმის 80%-ზე ნაკლები), გამომწვევ მიზეზებს შორის აღსანიშნავია პროგრამის შინაარსში განხორციელებული ცვლილებები; დაგეგმილი აქტივობების/ინიციატივების გადადება, გაუქმება ან შეფერხებით მიმდინარეობა; ტენდერ(ებ)ის ჩაშლა; ბენეფიციარების მიერ ვალდებულებების არასრულად განხორციელება; საკუთარი სახსრების საბიუჯეტო სახსრებით ჩანაცვლება. არაგანჭვრეტადი ფაქტორებით გამოწვეული შეფერხებების გარდა, ზოგიერთ შემთხვევაში, დაბალი ათვისება დაგეგმვის პროცესში არსებული ხარვეზებითაა განპირობებული”, - განმარტავს აუდიტი.

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, სსიპ/ა(ა)იპ-ების ბიუჯეტების გეგმურ და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის არსებული გადახრების სიხშირისა და მასშტაბის გათვალისწინებით, რაც რიგ შემთხვევებში სისტემატურ ხასიათს ატარებს, მიზანშეწონილია, უწყებების მიერ დამატებითი ყურადღება გამახვილდეს დაგეგმვის ეტაპზე საკუთარი შემოსულობებისა და გადასახდელების რეალისტური პროგნოზების განსაზღვრაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყურადღება იქნა გამახვილებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინა წლების მოხსენებებშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები