სპორტი სამინისტრომ სლოვაკურ კომპანია Autokomodex Trnava spol.sro-თან 2016 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 10 საფეხბურთო და 10 სარაგბო სტანდარტული მოედანი უნდა აეშენებინა.
„ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მიმწოდებელი კომპანიის მხრიდან ხელშეკრულების 3 პუნქტის დარღვევა გახდა: მიმწოდებელს უნდა წარმოედგინა სამივე ქალაქში 20 სტანდარული მოედნის საპროექტო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია, რომელიც უნდა ყოფილიყო დადასტურებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამრთლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ; მომწოდებელს არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარმოედგინა საერთაშორისო ან საქართველოში მომუშავე ფინანსური/სადაზღვევო ორგანიზაციებისგან ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია; კომპანიას საქართველოში უნდა გაეხსნა თავისი მუდმივი დაწესებულება. 20 დეკემბერს ჩატარებული ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას არ შეუსრულებია ზემოთ ხსენებული ვალდებულებები. აქედან გამომდინარე შეწყდა 2016 წლის 16 სექტემბერს გაფორმებიული ხელშეკრულება. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კომპანიას დაეკისრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა.
აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმება ხელს არ შეუშლის ზაფხულში საქართველოში გასამართ საერთაშორისო ტურნირებს.
25 იანვარს საქართველოში იმყოფებოდა მსოფლიო რაგბის ინსპექტირების ჯგუფი. ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს არსებული ინფრასტრუქტურა“, - ნათქვამია სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის ინფორმაციით, „სლოვაკურმა კომპანია „Autokomodex Trnava“-სთან ხელშეკრულების გაუქმების მიზეზი გახდა მათი მხრიდან ხელშეკრულების სამი პუნქტის დარღვევა: გარანტია წარმოადგინეს სხვა ვალუტაში, დაარღვიეს პროექტის წარმოდგენის ვადები, არ გახსნეს წარმომადგენლობა საქართველოში.
„ეს გახდა იმის მიზეზი, რომ გაუქმდა კონტრაქტი. უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ ახალ პროექტს. კანონის შესაბამისად განხორციელდება შემდგომში ამ პროექტის დაფინანსებაც და ეს სტადიონები აუცილებლად შეემატება სპორტულ ინფრასტრუქტურას. რაც შეეხება მეორე საკითხს, ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებას. მინდა საზოგადოებას შევახსენო აჟიოტაჟი თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების წინ. ბევრი შიშობდა, რომ ვერ მოვასწრებდით, მაგრამ ამ ფესტივალს ყველა სპორტული ობიექტი სათანადოდ მომზადებული დახვდა და ღონისძიებას მაღალ დონეზე ვუმასპინძლეთ. მინდა დავამშვიდო ყველა გულშემატკივარი, ჩვენ აუცილებლად მაღალ დონეზე ვუმასპინძლებთ ახალგაზრდულ მსოფლიოს თასს რაგბიში. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს უკვე არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა. ჩვენ ფეხბურთის ფედერაციასთან, რაგბის კავშირთან და კერძო სექტორთან ერთად უახლოეს პერიოდში ამის ფორმალიზებას მოვახდენთ. აღნიშნული სტადიონები უკვე დაათვალიერა მსოფლიო რაგბის ინსპექტირების ჯგუფმა. მათ მოიწონეს ეს ალტერნატიული ვარიანტი“, - განაცხადა სპორტის მინისტრმა.

























