მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სტამბოლის მერი დააკავეს - მიზეზები

სტამბოლის მერი

თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ოპოზიციონერი მერი, ერდოღანის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ექრემ იმამოღლუ დააკავა. ბრალდებები კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას და ტერორისტებთან - თურქეთში აკრძალულ "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" კავშირს უკავშირდება. პოლიციამ იმამოღლუს სახლში ჩხრეკაც ჩაატარა, თუმცა რაიმეს კონფისკაცია მოხდა თუ არა, უცნობია.

როგორც თურქეთის სახელმწიფო მედიაგამოცემა Anadolu Agency წერს, პროკურატურამ მერის გარდა, კიდევ დაახლოებით 100 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. როგორც ცნობილია, მათ შორის არიან ბიზნესმენებიც და ჟურნალისტებიც.

AP-ის ცნობით, პარალელურად, ხელისუფლებამ სტამბოლის შემოგარენში რამდენიმე გამზირის გადაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, ასევე, ქალაქში ოთხი დღით აიკრძალა დემონსტრაციები, ვინაიდან შიშობენ, რომ სტამბოლის მერის დაკავებას პროტესტი მოჰყვება.

აღსანიშნავია, რომ იმამოღლუ მთავარი ოპოზიციური ძალის "რესპუბლიკური სახალხო პარტიის" (CHP) ლიდერია, 23 მარტს პარტიას კენჭი უნდა ეყარა და იმამოღლუ საპრეზიდენტო კანდიდატად აერჩია, რათა მას კენჭი ეყარა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2028 წელს უნდა გაიმართოს. თუმცა მისი დაკავება ამ შიდაპარტიული არჩევნებიდან რამდენიმე დღით ადრე გადაწყდა.

ცნობისთვის, გასული წლის მარტში თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებში ერდოღანის მმართველმა პარტიამ დიდი დანაკარგი განიცადა და დამარცხდა ორ წამყვან ქალაქში - სტამბოლსა და ანკარაში. ამის შემდეგ თანდათან უფრო გახშირდა მოწოდებები ხელისუფლების მიმართ რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში.

54 წლის ექრემ იმამოღლუ სტამბოლის მერის პოზიციას 2019 წლიდან იკავებს. 2024 წელს ის მეორედ არჩეული ოპოზიციონერი მერი გახდა. 2014-2019 წლებში კი, ის სტამბოლის პროვინციის ოლქ ბეილიკდუზუს თავმჯდომარეც იყო. მანამდე იმამოღლუ ცნობილი იყო როგორც ბიზნესმენი და უძრავი ქონების დეველოპერი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები