სტამბოლის სასამართლომ მმართველი პარტიის ყოფილი მაღალჩინოსანი და ექსმინისტრი ფატმა ბეთულ საიან ქაია ქვეყანაში საინვესტიციო ფონდების კრიზისთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დააპატიმრა.
სააგენტო Anadolu-ს ცნობით, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება პროკურატურის ფულის გათეთრების საქმეთა ბიუროში ქაიას დაკითხვის შემდეგ მიიღო.
როგორც ირკვევა, პროკურატურა ყოფილ მინისტრს კაპიტალის ბაზრის შესახებ კანონის დარღვევას, დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობასა და ფასებზე გავლენის მომხდენი შიდა ინფორმაციის უკანონო ფლობას ედავება. ამავე გამოძიების ფარგლებში მის მეუღლეს, ილიას ქაიას სასამართლომ ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა.
ოპოზიციური Yeni Party-ს ცნობით, ქაიამ და მისმა მეუღლემ მიმდინარე წლის აპრილში გემთმშენებელ კომპანია Ozata Denizcilik-ში ₺163 მილიონი ($3.25 მლნ.) დააბანდეს. აქციების გაყიდვის შედეგად მათ სექტემბრის კრიზისამდე კი ₺2.17 მილიარდის ($43.27 მლნ.) შემოსავალი მიიღეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილ მაღალჩინოსანს კრიზისის ეპიცენტრში მყოფი აქტივების მმართველი კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელ ემრე თეზმენთან უშუალო კავშირი ჰქონდა.
აპრილის დასაწყისში Ozata Denizcilik-ის ერთი აქცია დაახლოებით ₺220-ად ივაჭრებოდა, 15 სექტემბერს კი ფასმა ₺4 980-ს მიაღწია. დაბალლიკვიდური ფასიანი ქაღალდებით სავარაუდო მანიპულაციამ საინვესტიციო ფონდების სექტორში ლიკვიდურობის მწვავე კრიზისი შექმნა. ამ პროცესმა 16 სექტემბერს საფონდო ბაზარზე აქციების მასობრივი გაყიდვა და ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.
ცნობისთვის, ფატმა ბეთულ საიან ქაია თურქეთის საოჯახო და სოციალური პოლიტიკის მინისტრის პოსტს 2016-2018 წლებში იკავებდა. მან მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა სექტემბერში დატოვა, მოგვიანებით კი AK Party-ის რიგებიდანაც გავიდა.
























