მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სტამბოლს ოპოზიციონერი მერი ჰყავს - "დაუმარცხებელი" ერდოღანი დამარცხებულია

5d107670227d3
მიხეილ ხაჩიძე
24.06.19 11:34
4903

BMG-ის საერთაშორისო კორესპონდენტის ედიტორიალი სტამბოლის განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით:

 

თურქულ დემოკრატიას გადაშენების საფრთხე ემუქრებოდა, თუმცა გადარჩენილია - ამას სტამბოლის მერის განმეორებით არჩევნებზე ოპოზიციონერი ეკრემ იმამოღლუს გამარჯვება ცალსახად ადასტურებს. არასამართლიანი საარჩევნო კამპანიის მიუხედავად, სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წევრმა მონაწილეთა ხმების 53,9% მიიღო, დაახლოებით, 4,7 მილიონმა თურქმა ქალაქის მეთაურად სწორედ ის აირჩია, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, ერდოღანთან დაახლოებულმა პოლიტიკოსმა ბინალი ილდირიმმა ხმების 45,2 %-ის მოგროვება შეძლო. იმამოღლუმ საკუთარ წარმატებას მთელი ქალაქის გამარჯვება უწოდა და პრეზიდენტ ერდოღანთან თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.






ეკრემ იმამოღლუს გამარჯვება სტამბოლის მერის არჩვენებში ისტორიულია; რეზულტატი აჩვენებს, რომ რეპრესიების მიუხედავად, ავტოკრატია ხალხისთვის მიუღებელია.

ეს შედეგები შესაძლოა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პირად მარცხად ჩაითვალოს, რადგან მან ფაქტობრივად, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქზე კონტროლი დაკარგა. განმეორებითი არჩევნები სწორედ ერდოღანის პროვოცირებით დაინიშნა; ამ გადაწყვეტილებამ კი, მოსახლეობაში ოპოზიციონერი კანდიდატის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. თურქები რეპრესიებისა და დაპატიმრების მუქარის მიუხედავად ავტოკრატიულ თურქეთს წინ გადაუდგნენ. მოქალაქეები არ შეშინდნენ და თავისუფლების მოპოვებისთვის მედგრად იბრძოლეს.  17-წლიანი მმართველობის შემდეგ ერდოღანმა დაინახა, რომ მას შეუძლია იუსტიციის სისტემა აკონტროლოს, მაგრამ არა - თურქი მოქალაქეები.








მიუხედავად იმისა რომ, თურქეთის ციხეებში ასობით კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი და აკადემიკოსია გამომწყვდეული, მოქალაქეები თავისუფალი მედიისა და ადამიანის უფლებებისთვის ისევ იბრძვიან. განმეორებით არჩევნებშიც, მაგალითად, საკუთარი სურვილით 10.000 თავისუფალი და მიუკერძოებელი ადვოკატი გამოცხადდა, რომლებიც პროცესების სამართლიანობას სტამბოლის უბნებზე აკვირდებოდნენ.  ადამიანები თურქეთში სრულიად ათვითცნობიერებენ, რომ კრიტიკული პოსტის, სტატიის ან ქუჩაში გამოთქმული პოზიციის გამოც კი, შესაძლოა, მათ კარზე სასტიკმა თურქულმა პოლიციამ დააკაკუნოს და ისინი დააპატიმროს, ქვეყანაში, სადაც მედიის 90%-ს მთავრობა აკონტროლებს, აღნიშნულ პროცესებს არც კი აშუქებენ, თუმცა საქართველოს მეზობელმა თურქეთმა ბრძოლა გადაწყვიტა. ბრძოლა, რომელიც ამჯერად ისტორიული წარმატებით დასრულდა. ერდოღანის დიდი შეცდომა პირველი არჩევნების ანულირებულად გამოცხადება და განმეორებითი ტურის ჩატარების ბრძანება იყო. ეს შესაძლოა, მისი მმართველობის პერიოდში ყველაზე დიდი შეცდომაც კი იყოს.







არჩევნები თურქეთში ეკონომიკური კრიზისებისა და მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, სწორედ ისე, როგორც გასულ წელს, საპრეზიდენტო არჩევნების პროცესი. ქვეყანაში ყველა სახის პროდუქცია გაძვირდა, უმუშევართა რაოდენობა კი, საგრძნობლად გაიზარდა.





მითი დამსხვრეულია -  დაუმარცხებელი ერდოღანი დამარცხებულია. მართალია, ის ქვეყნის უძლიერეს პიროვნებად რჩება, თუმცა იმამოღლუს გამარჯვება ნათელი წერტილია მომავლისთვის, იმ მომავლისთვის რომელიც თურქებს სურთ. ახლა თურქეთის ყოფილი პრემიერი აჰმეტ დავითოღლუ და ქვეყნის ექს-პრეზიდენტი აბდულა გიული საკუთარი პარტიის შექმნას აპირებენ, სწორედ ეს ლიბერალური გუნდი, სამომავლოდ ერდოღანის წინააღმდეგ გაერთიანდება.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები