27 თებერვალს, სტამბოლში რუსი და ამერიკელი დიპლომატების შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ასეთი შეხვედრა ხვალ, სტამბოლში გაიმართება და ვფიქრობ, მისი შედეგებით ცნობილი გახდება, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად შევძლებთ მოქმედებას“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, აშშ-ის წინა ადმინისტრაცია რუსეთის საელჩოს ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნიდა.
მანამდე, 18 თებერვალს, ერ-რიადში ერთმანეთს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდნენ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც 18 თებერვალს თურქეთში იმყოფებოდა ნეგატიური შეფასება მისცა შეხვედრას, რომელსაც უკრაინის არც ერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა.
მოგვიანებით, რუბიომ განმარტა, რომ ერ-რიადში შეხვედრაზე არ იყო საუბარი უკრაინაზე. მხარეებმა აშშ-სა და რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ისაუბრეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პრაქტიკულად შეჩერდა.



























