შემოსავლების სამსახურში, სომხეთში კონიაკის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლების პროტესტის საპასუხოდ აცხადებენ, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კონტროლის პროცედურები სტანდარტულად მიმდინარეობს. ასე უპასუხეს BM.GE-ის კითხვას უწყებაში
„საბაჟო კონტროლის პროცედურები სტანდარტულად ხორციელდება. მანქანების შეყოვნება არ ხდება“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურს ისიც ვკითხეთ - რამდენი კონიაკის გადამზიდავი ტრაილერია ამ დროისთვის საბაჟოზე გაჩერებული და რა სახის კომუნიკაცია არსებობს ქვეყნების უწყებებს შორის. ინფორმაცია პასუხის მიღებისთანავე განახლდება.
საქმე ის არის, რომ 13 მაისს სომხეთში, საქართველოს საელჩოსთან კონიაკის ადგილობრივმა მწარმოებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მეწარმეები სომეხი ექსპორტიორების საზღვარზე უმიზეზო შეყოვნების შეწყვეტას ითხოვდნენ.
„საქართველოში გაფორმების ეკონომიკურ ზონაში [გეზ] ტერმინალზე ექსპერტიზის საბაბით სხვადასხვა ქარხნის ტვირთებს აჩერებდნენ. საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და ექსპერტიზის ჩატარების არანაირი ამოცანა აქ არ დგას“, - განუცხადა ჟურნალისტებს კონიაკის მწარმოებელი კომპანია „პროშანის“ ექსპორტის სპეციალისტმა გაიანე პოღოსიანმა.
პროტესტის შემდეგ სომხურმა მედიამ კითხვებით ეკონომიკის სამინისტროს მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ სომხეთი ალკოჰოლის ექსპორტში არსებული პრობლემის გადაწყვეტის გზებს ეძებს და ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს: „ახლა ქართველ პარტნიორებთან განსხვავებულს სცენარებსა და მდგომარეობას განვიხილავთ. რა თქმა უნდა, ამ განხილვებში ბიზნესსაზოგადოებაც მონაწილეობს“, - ასე უპასუხა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც კონიაკის სომეხი მწარმოებლების პრობლემას შეეხებოდა. ისინი ალკოჰოლურ სასმელს საქართველოს გავლით ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ყიდიან.
ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა უახლოეს მომავალში ამ საკითხის მოგვარების მიზნით, საქართველოში ვიზიტიც არ გამორიცხა. „სხვა საქონლისგან განსხვავებით, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ შედეგებს მივაღწიეთ (ტექსტილი, ფოლგა, ყვავილები), ალკოჰოლის შემთხვევაში პრობლემა გადაუჭრელი რჩება. პრობლემა არსებობს და ვთვლი, რომ ჩვენი მწარმოებლები ამ საკითხში მართლები არიან“, - აღნიშნა მან.




























