მთავრობა ინოვაციურ სტარტაპ კომპანიებს საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს. პარლამენტში განსახილველად უკვე შევიდა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ მომზადებული კანონპროექტი.
კანონპროექტით შემოდის ინოვაციური სტარტაპის ცნება, რომლის მიმართაც მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები იმოქმედებს. მათ შორის, პირველი სამი წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან.
კერძო სექტორში „ქართული ოცნების“ ინიციატივას დადებითად აფასებენ, თუმცა როგორც BMG-სთან საქართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაციაში (ITAG) ამბობენ, სტარტაპების განვითარებისთვის საჭიროა უფრო კომპლექსური მიდგომა, მათ შორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში.
„ეს ინიციატივა მისასალმებელია იმ თვალსაზრისით, რომ სტარტაპ კომპანიებისთვის საგადასახადო წნეხი მნიშვნელოვნად მცირდება. ჯერჯერობით კანონპროექტი განხილვის ეტაპზეა და მეტი სიცხადე შემოვა შემდეგ, როგორ შეძლებენ, რეალურ დროში სტარტაპები ამ შეღავათებით სარგებლობას. ჩვენ ვაკვირდებით სხვა ქვეყნებში არსებულ სიტუაციას და რამდენიმე ქვეყანაში სტარტაპებისთვის საგადასახადო შეღავათებია, თუმცა ეს უფრო კომპლექსური მიდგომაა, რომელიც გულისხმობს ხელშეწყობას ინფორმაციულ ტექნოლოგიებში მოღვაწე კომპანიებისთვის არამხოლოდ საგადასახადო შეღავათების ნაწილში, არამედ ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომის ნაწილში, შრომის რესურსების და ძირითადი საშუალებების მხარდაჭერის ნაწილში. ამიტომ ვფიქრობთ, რომ კომპლექსური მიდგომის შემთხვევაში, ამ ტიპის შეღავათები სასარგებლო შედეგს გამოიღებს სტარტაპ ეკოსისტემისთვის“, - განაცხადა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ალექსანდრე კვანტალიანმა.




























