10 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტში ინოვაციების ცენტრის - Startup Factory-ის პრეზენტაცია გაიმართება. Startup Factory არის სრულიად ახალი ტიპის, მოქნილი ინოვაციების ცენტრი, რომელიც აქტიურად შეუწყობს ხელს სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს განავითარონ, განახორციელონ და წარმატებულ ბიზნესად აქციონ საკუთარი იდეები. ცენტრი აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ინკუბატორებთან და აქსელერატორებთან, - აღნიშნული პროექტის დეტალებზე გადაცემაში ’’საქმიანი დილა“ Future Laboratory-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ქაშიბაძე საუბრობს.
-ბატონო ირაკლი, რას გვეტყვით ინოვაციურ ცენტრზე, რით იქნება გამორჩეული პროექტი?
-ძალიან საინტერესო პროექტი გამოგვივიდა, რომლის პრეზენტაციაც მალე იქნება, რადგან ეს მართლაც პირველი აქსელერატორია ზოგადად საქართველოში, რომელიც ღია ინოვაციების პრინციპზეა დამყარებული. ინოვაციები ის ამოსავალი წერტილია საერთაშორისო წამყვანი კომპანიებისთვის, სადაც ისინი, როგორც შიდა ინოვაციებს ქმნიან და შიდა ტალანტების ხელშეწყობას აკეთებენ, ასევე უზრუნველყოფენ იმას, რომ გარე ტალანტები მოიწვიონ და თავის ეკოსისტემაში მოიზიდონ. ზუსტად ეს პრინციპია განხორციელებული Startup Factory-ში და ვფიქრობ, იგი ეფექტური იქნება.
-ამ შემთხვევაში მომავლის ლაბორატორიის როლი რა იქნება?
-უპირველესად, ჩვენ კონცეფციის შემუშავებაში ვიღებთ მონაწილეობას, აქსელატორის ფორმირებაში, დიზაინის ნაწილში, შეამჩნევდით, რომ ორიგინალური და ძალიან საინტერესო გარემოა შექმნილი, ისეთი, როგორიც სტარტაპებს მოეწონებათ. შემდეგ უკვე Future Laboratory მხრიდან ამ პროცესის მენეჯმენტი განხორციელდება.
-მიუხედავად თქვენი პირადი ჩართულობისა, რა არის Startup Factory-ის კონკურენტული უპირატესობა, რომელიც ამ სივრცეს ქმნის განსაკუთრებულს და მნიშვნელოვანს?
-პირველ რიგში, ეს არის ის, რომ ამას კერძო სექტორი აკეთებს. ეს უფრო სწრაფია. სწორი პროცესების შემთხვევაში ყველაფერი შეიძლება გაცილებით სწრაფად მიდიოდეს და თანხები და ბევრი დაინტერესებული ინვესტორი აუცილებლად გაჩნდება, რასაც უკვე ვხედავთ. თავდაპირველად უნივერსიტეტმა ინვესტიციები განახორციელა სტარტაპში, რაც კარგი პრეცედენტია, როდესაც უნივერსიტეტი არა მარტო ქმნის ინფრასტრუქტურას, არამედ უკვე სტარტაპებში ინვესტიციებსაც ახორციელებს. ასეთი ქეისები საქართველოს უნივერსიტეტს უკვე აქვს და ეს სტიმულია სხვა უნივერსიტეტებისთვის. არის რამდენიმე სტარტაპი, რომელიც უშუალოდ საქართველოს უნივერსიტეტმა დააფინანსა, თუმცა Startup Factory-ის შემთხვევაში უნივერსიტეტის მთავარი როლი ის იქნება, რომ ის სტარტაპებს დასაფინანსებლად გზას გაუხსნის.
-რამენაირი გეგმა არსებობს, რომ ეს სტარტაპერები კერძო სექტორამდე მიიყვანოთ?
-ზოგადად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც უნივერსიტეტები სტარტაპების განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ, მათ შორის, დაფინანსების კუთხით. არსებობს ბევრი შიდა საუნივერსიტეტო ფონდი, რაც თავისთავად ამცირებს რისკს, რომ კერძო სექტორიდან მოხდეს დამატებით ფინანსების მოზიდვა. რა თქმა უნდა, Startup Factory-ში სტარტაპებთან მუშაობის მთელი ციკლი მოხდება, მათ შორის მონიტორების მოზიდვა, მათი ინვესტორებთან დაკავშირება , როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე და რაც ყველაზე მთავარია, ე.წ. ’’დეითინგის პრინციპი“ იქნება გამოყენებული და მაქსიმალურად ეფექტური დაკავშირება მოხდება სხვადასხვა დარგის სპეციალისტების გუნდში ერთობლივი მუშაობისათვის, რადგან პირველ ეტაპზე მთავარ პრობლემას მაინც ხელფასები და სპეციალისტები წარმოადგენს. თუ ერთი იდეის ქვეშ სწორი სპეციალისტების, კვალიფიკაციის შეკრება მოხდება და მათთვის ეს პირობები იქნება შეთავაზებული, ფული არც ისე მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე. ის მცდარი მოსაზრება, რომ ფულია გადამწყვეტი სწორი არ არის, რადგან მთავარია სწორი ადამიანების შეკრება, რა თქმა უნდა, გარემო, პირველ ეტაპზე ხელშეწყობა, მენტორშიპი, რომ სტარტაპი იმ დონემდე მივიყვანოთ, რომ ან ბაზარი დააინტერესოს, ან დამატებით ინვესტორი. საინტერესო ელემენტი კიდევ ის არის, რომელიც Startup Factory-ს დაეხმარება არის ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრი. ის მოსაზრება, რომ ტექნოლოგიების ტრანსფერი და მეცნიერების ჩართულობით ინოვაციების პროცესის ფორმირება საქართველოში შეუძლებელია ასევე არ არის მართალი. რაც გამოიხატა იგივე აგრო სექტორში, საბანკო სექტორში და სხვა. ქართველი მეცნიერები უკვე აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა დარგის პრობლემების გადაწყვეტაზე და თავიანთ ინოვაციებს თავაზობენ ეფექტურობის გასაუმჯობესებლად და ასევე ახალი პროდუქტების შესაქმნელად. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზენტაცია გვექნება. ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს IBM-ის ხელოვნური ინტელექტი უკვე საკმაოდ აქტიურად ართმევს სამუშაოს იურისტებს და ძალიან რთული ხდება კურსდამთავრებულებისთვის იურიდიული მიმართულებით სამსახურის პოვნა. ამიტომაც მომავლის სპეციალობებზე და ინოვაციებზე უნდა იფიქრონ.

























