მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Startupbootcamp Georgia-ს MVP პროგრამის 20 სტარტაპი Global Tech Weekend Tbilisi-ის სცენაზე წარდგა

Startupbootcamp Georgia-ს MVP პროგრამის 20 სტარტაპი Global Tech Weekend Tbilisi-ის სცენაზე წარდგა
08.07.26 12:48
197

20 ქართული სტარტაპი, რომლებმაც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში საკუთარი პროდუქტები Startupbootcamp Georgia-ს MVP პროგრამის ფარგლებში განავითარეს, Global Tech Weekend Tbilisi-ის სცენაზე წარდგნენ. შოუქეისის ფარგლებში ქართულმა სტარტაპებმა საკუთარი გადაწყვეტილებები ინვესტორებს, კორპორაციულ პარტნიორებს, მენტორებსა და ფართო აუდიტორიას გააცნეს. ღონისძიებაზე Startupbootcamp Georgia-მ MVP ეტაპის პირველი ნაკადის წარმატებული დასრულება აღნიშნა, უშუალოდ პროგრამა კი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.

Startupbootcamp-მა - მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა სტარტაპ აქსელერატორმა საქართველოში ოპერირება 2026 წლიდან, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პარტნიორობით დაიწყო. 2010 წლიდან მოყოლებული, Startupbootcamp-მა მსოფლიოს მასშტაბით 180-ზე მეტი პროგრამა განახორციელა, მხარი დაუჭირა 2,000-ზე მეტ სტარტაპს, რომლებმაც ჯამში 3.5 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს და 100-ზე მეტი წარმატებული ეგზიტი განახორციელეს.

Startupbootcamp Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა სამ ეტაპადაა დაყოფილი: Founder-Market Fit, MVP და Market Entry. თითოეული ეტაპი კონკრეტულ მიზანს ემსახურება - იდეის ვალიდაციითა და პროდუქტის შექმნიდან დაწყებული, მომხმარებლების ზრდს, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლისა და ინვესტიციების მოზიდვით დამთავრებული. მონაწილეები პროგრამას სწორედ იმ ეტაპზე უერთდებიან, რომელიც მათი სტარტაპის განვითარების ფაზას შეესაბამება, და მთელი პროცესის განმავლობაში იღებენ პრაქტიკულ მენტორინგს, საერთაშორისო ექსპერტებთან მუშაობის შესაძლებლობასა და გლობალურ ქსელზე წვდომას. შესაბამის ეტაპებზე მათთვის ხელმისაწვდომია GITA-ს გრანტებიც - 50,000 და 150,000 ლარის ოდენობით.

Startupbootcamp Georgia-ს პროგრამამ პირველივე წელს საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1,000-ზე მეტი განაცხადი მიიღო, რაც ქვეყანაში ინოვაციური მეწარმეობის მიმართ მზარდ ინტერესსა და საერთაშორისო დონის აქსელერაციის პროგრამებზე მაღალ მოთხოვნას ადასტურებს.

„პირველმა პროგრამამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. საქართველოში ვიხილეთ ძლიერი დამფუძნებლები, მრავალფეროვანი და ამბიციური იდეები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის მზარდ პოტენციალს, როგორც რეგიონული სტარტაპ ჰაბის,“ - ამბობს Startupbootcamp Georgia-ს მმართველი დირექტორი, Katie Lewis.

MVP ეტაპზე პროგრამაში მონაწილეობა 20-მა სტარტაპმა მიიღო, რომლებმაც GITA-სგან 50,000-ლარიანი გრანტი მიიღეს და ოთხი თვის განმავლობაში საკუთარი პროდუქტების შექმნაზე, დახვეწასა და პირველი მომხმარებლების მოზიდვაზე იმუშავეს. ამ პროცესში მათ Startupbootcamp Georgia-ს გუნდმა, საერთაშორისო მენტორებმა და დარგის ექსპერტებმა გაუწიეს მხარდაჭერა.

„სტარტაპების დამფუძნებლებთან ერთად ძალიან საინტერესო გზა გავიარეთ. ოთხი თვის განმავლობაში ყოველდღიურად ვხედავდით როგორ ვითარდებოდა მათი იდეები - პირველადი პროტოტიპებიდან დაწყებული პირველი მომხმარებლების მოზიდვით დამთავრებული. ინტენსიურმა პროგრამამ, მენტორინგმა და მუდმივმა პრაქტიკულმა მუშაობამ რეალური შედეგები მოგვცა და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ადრეულ ეტაპზე სწორი მხარდაჭერის არსებობა,“ - ამბობს Startupbootcamp Georgia-ს Community Lead ანა მაისურაძე.

Startupbootcamp Georgia-ს პირველი MVP ნაკადი 20 სტარტაპს აერთიანებს, რომლებიც DeepTech, EdTech, DataTech, TravelTech, HealthTech, MarTech, E-Commerce, AgriTech და FinTech მიმართულებებით ქმნიან ინოვაციურ პროდუქტებს. თითოეულმა მათგანმა Global Tech Weekend Tbilisi-ის ფარგლებში საკუთარი გადაწყვეტა ფართო აუდიტორიას წარუდგინა და შესაძლებლობა მიიღო, შეხვედროდა ინვესტორებს, კორპორაციულ პარტნიორებსა და პოტენციურ მომხმარებლებს.

Global Tech Weekend Tbilisi-ზე წარდგენილი 20-ვე სტარტაპისა და მათი პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია Startupbootcamp Georgia-ს MVP Cohort 2026 Lookbook-ში, რომელიც პროგრამის პირველი ნაკადის სრულ მიმოხილვას აერთიანებს.

ამ დროისთვის Startupbootcamp Georgia უკვე პროგრამის მესამე - Market Entry - ეტაპს ახორციელებს, რომელში მხოლოდ 10 სტარტაპი ოღებს მონაწილეობას. მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ისინი მომხმარებლების ზრდაზე, საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებაზე, გაყიდვების მასშტაბირებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე იმუშავებენ, საერთაშორისო მენტორებისა და GITA-ს 150,000-ლარიანი გრანტი დახმარებით.

Startupbootcamp Georgia-ს პირველი წელი აჩვენებს, რომ საქართველოში იქმნება გარემო, სადაც პერსპექტიულ იდეებს შეუძლიათ რეალურ პროდუქტებად, ხოლო პროდუქტებს - საერთაშორისო პოტენციალის მქონე ბიზნესებად ჩამოყალიბება.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები