სტეფ კარი, რომელიც ამ NBA-ის სეზონში “სნიკერების თავისუფალი აგენტის“ სტატუსში იმყოფებოდა, 70-ზე მეტ წყვილ ფეხსაცმელს აუქციონზე გამოიტანს.
კარის “სნიკერების თავისუფალი აგენტობა“ იმით გამოირჩეოდა, რომ მიმდინარე სეზონში მან სხვადასხვა ბრენდის მრავალფეროვანი ფეხსაცმელი მოირგო. ახლა ეს ფეხსაცმელები ქველმოქმედებას მოხმარდება.
70-ზე მეტი წყვილი, რომელიც კარიმ ამ სეზონში მოირგო, გაიყიდება აუქციონზე Sotheby's-ის მეშვეობით 13 აპრილიდან 28 აპრილამდე. შემოსავალი მოხმარდება Eat. Learn. Play. Foundation-ს, ორგანიზაციას, რომელიც კარიმ და მისმა მეუღლემ, აიეშა კარიმ დააარსეს და რომელიც ოკლენდში ბავშვებისთვის ჯანსაღ კვებას, კითხვასა და აქტიურ ცხოვრების წესს უჭერს მხარს.
კარის ფეხსაცმელების სპონსორი მას შემდეგ არ ჰყავდა, რაც ნოემბერში დაასრულა თანამშრომლობა Under Armour-თან. ამან მისცა შესაძლებლობა, საკუთარი Curry Brand თან წაეღო და პარალელურად ახალი კონტრაქტის ვარიანტები განეხილა. მისი ბოლო მოდელი Under Armour-თან, Curry 13 თებერვალში გამოვიდა.
Under Armour-იდან წასვლამ NBA-ის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ვარსკვლავს მისცა უნიკალური შანსი, შეექმნა მრავალფეროვანი კოლექცია, რომელიც ახლა აუქციონზეა გამოტანილი და რომლის შემოსავალიც ქველმოქმედებას მოხმარდება.
„ეს ყოველთვის იყო ჩემი მთავარი მიზანი, არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე თამაშით სიამოვნების მიღება და ამავდროულად სხვებისთვის კარების გახსნა და დახმარება. იმედი მაქვს, ეს განსაკუთრებული ფეხსაცმელები, რომლებიც ჩემი კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპის ნაწილი იყო, ამ ენერგიას მომავალში სხვებსაც გადასცემენ“ - განაცხადა კარიმ.
კარი, როგორც თამაშის დროს, ისე ტრავმის პერიოდში, მუდმივად გამოხატავდა პატივისცემას როგორც მოქმედი, ისე ყოფილი მოთამაშეების მიმართ თავისი ფეხსაცმლის არჩევანით.
მან მოირგო Warriors-ის ასისტენტ მწვრთნელის, ჯერი სტაკჰაუსის-ის Fila-ს მოდელი, რომელიც 1990-იან წლებში გამოვიდა. ასევე პატივი მიაგო ისეთ ლეგენდებს, როგორებიც არიან შაკილ ონილი და ალენ აივერსონი (Reebok), დიკემბე მუტომბო (Adidas) და კობი ბრაიანტი (Nike).
ამავე დროს, მან ატარა მოქმედი მოთამაშეების ფეხსაცმელიც, მათ შორის ენტონი ედვარდსი (Adidas), კაირი ირვინგი და კლეი ტომპსონი (Anta), ასევე ტაირის ჰალიბერტონი (Puma).
კარი ყურადღებას ამახვილებდა არა მხოლოდ ცნობილ, არამედ ნაკლებად ცნობილ ბრენდებზეც, როგორიცაა Sia Collective, Brooks და Li-Ning, ასევე რეტრო ბრენდებზე — Dada და And1.




























