25-ზე მეტი იდეათეკა, 300-ზე მეტი სტიპენდიატი STEM სკოლაში, პროფესიული და ფინანსური განათლება - "საქართველოს ბანკის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი ანა ლომთაძე 2025 წელს BMGTV-ის "ბიზნესის კვირეულთან" აჯამებს.
როგორც ის აღნიშნავს, მიმდინარე წელსაც "საქართველოს ბანკისთვის" სკოლები პრიორიტეტულ მიმართულებად რჩებოდა, რის ფარგლებშიც, გარდა დედაქალაქისა, ტექნოლოგიური მიმართულებით სწავლის საშუალება საქართველოს რვა რეგიონის მოსწავლეებსაც მიეცათ.
"სკოლები რჩება, რა თქმა უნდა, ჩვენს პრიორიტეტად და ამ მიმართულებით გვაქვს რამდენიმე პროექტი. პირველ რიგში, ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები. ვაშენებთ იდეათეკებს და უკვე 25-ზე მეტ სკოლაში გვაქვს გახსნილი. წელსაც ვგეგმავთ, რომ კიდევ რამდენიმე დავამატოთ, სანამ წელი დასრულდება. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ სკოლის მოსწავლეებს, ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რითაც ისინი სარგებლობენ, ჩვენი და კომაროვის სკოლის პარტნიორობით, არის STEM ოლიმპიადა - ნებისმიერი სკოლის გუნდს აქვს საშუალება, მიიღოს მონაწილეობა და მოიგოს ფულადი პრიზი.
ასევე კომაროვთან ერთად გვაქვს, STEM სკოლის პროგრამა და თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ მიიღოს გამოცდილება STEM-ის მიმართულებით და არის სკოლის მოსწავლე, STEM სკოლაში საქართველოს ბანკის სტიპენდიით შეუძლიათ ისარგებლონ. გვქონდა საშუალება, რომ წლის განმავლობაში 100-ზე მეტი სტიპენდიატი გვყოლოდა STEM სკოლის ფარგლებში და ჯამურად უკვე 300-ს აღემატება სტიპენდიატების რაოდენობა.
გვაქვს პროექტი რეგიონებისთვისაც, რომლითაც რვა რეგიონში სკოლის მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ გამოცდილება და გადამზადდნენ ტექის მიმართულებით. ტექნოლოგიები, მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანი სექტორია დასაქმების კუთხით. იზრდება პოტენციალი, რომელიც შეიძლება, ამ პროექტიდან მიიღონ მოსწავლეებმა უშუალოდ რეგიონებში, და დაესწრონ კურსებს სრულიად უფასოდ", - აღნიშნავს ანა ლომთაძე.
ტექნოლოგიების მიმართულებით "საქართველოს ბანკის" CSR-ის ინიციატივის ნაწილია AI-ის სწავლება ქალებისთვისაც.
"ეს პროექტი მიზნად ისახავს, როგორც ტექნოლოგიებში გადამზადებას, ასევე დასაქმების ხელშეწყობას. პროექტს ვახორციელებთ UN Women-თან და Master Card-თან ერთად. მნიშვნელოვანი პარტნიორები გვყავს და ნებისმიერ გოგონას, რომელსაც აქვს ამის სურვილი, არ აქვს მნიშვნელობა არის თბილისში თუ რეგიონში, შეუძლია სტიპენდია მიიღოს", - ამბობს ანა ლომთაძე.
კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომელსაც "საქართველოს ბანკი" სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს, ფინანსური განათლების ამაღლებაა. როგორც CSR მიმართულების ხელმძღვანელი BMG-სთან აღნიშნავს, ამ მხრივ BOG-ი არაერთი პროექტის მხარდამჭერია.
"გვსურს, რომ ბევრი საგანმანათლებლო მასალა შევქმნათ ფინანსური განათლების კუთხით სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის თუ მშობლებისთვის, ასევე სხვადასხვა პროექტებს მხარი დავუჭიროთ. ერთ-ერთი ასეთი პროექტი არის ზუსტად ეკონომიკის ოლიმპიადა და მოსწავლეებში ეკონომიკური ცნობიერების სკოლა.
ფინანსური განათლების ამაღლების ხელშეწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება ასევე რამდენიმეეტაპიანი ოლიმპიადა, საიდანაც საერთაშორისო ასპარეზზე გადიან გამარჯვებული ბავშვები და საკმაოდ წარმატებულია, რამდენიმე საპრიზო ადგილიც მივიღეთ წელსაც და გვსურს, რომ ამ ნაწილში კიდევ გავაგრძელოთ მხარდაჭერა", - ამბობს ანა ლომთაძე.
ფინანსური განათლების ამაღლებაზე საქართველოს ბანკი 2026 წელსაც იზრუნებს. როგორც კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი აღნიშნავს, განათლება ბანკისთვის პრიორიტეტულ მიმართულებად, შემდეგ წელსაც დარჩება.
"განათლება რჩება პრიორიტეტულად. აკადემიური განათლების ნაწილში სტიპენდიებს, დაფინანსებას აუცილებლად გავაგრძელებთ და ვეცდებით, რომ გავზარდოთ ბენეფიციარების რაოდენობა, რადგან ჩვენი სურვილი ყოველთვის არის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა, დაფინანსება მიიღოს.
მეორე პრიორიტეტული ნაწილი, რაზეც მგონია, რომ შემდეგ წელს უფრო მეტად ვიმუშავებთ, არის ფინანსური განათლება. ფინანსური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური სიძლიერისთვის, ძალიან გვჯერა ამ მიმართულების და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ, როგორც უნივერსიტეტებში, ასევე სხვადასხვა მიმართულებით რეგიონებში თუ თბილისში, მსგავს პროგრამებზე წვდომა გავხსნათ", - ამბობს ანა ლომთაძე.




























