კახეთში მდებარე სასტუმროები ზაფხულის ტურისტულ სეზონს აჯამებენ და კახეთისთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდისთვის ემზადებიან. რეგიონში რთველი უკვე დაიწყო, ეს კი სასტუმროების დატვირთულობაზე ყოველწლიურად გავლენას ახდენს.
კახეთის სასტუმრო ბიზნესის ნაწილი ამბობს, რომ გაზაფხულიდან დაწყებულმა უამინდობამ დამსვენებლის აქტივობაზეც მოახდინა გავლენა. მაგალითად, “შატო ყირამალა ლაგოდეხის” მენეჯერი bm.ge-სთან ყვება, რომ სტიქიების გამო დამსვენებლის მხრიდან მოთხოვნა შემცირებულია.
მისივე თქმით, გასულ წელთან, შედარებით, მაშინ, როცა სასტუმროს დატვირთულობა მაღალ ნიშნულს აღწევდა, წელს სტუმრების დეფიციტი შესამჩნევია.
“ბოლო პერიოდში საქართველოში არსებული სტიქიების ფონზე რეგიონში დასვენებაზე მოთხოვნამ იკლო. დაახლოებით 50/50-ზე ვართ მოთხოვნის მხრივ. სამწუხაროდ, ახლაც ამინდზე ვართ დამოკიდებული.
ამ დროისთვის ჩვენი დატვირთულობა 70%-ს აღწევს, თუმცა თვის ჭრილში ბევრად უფრო აქტიურ სექტემბერს ველოდით. ისევ და ისევ უამინდობის გამო მაღალი დატვირთვა არ გვქონდა. აგვისტოს თვეში 90%-მდე დატვირთვას ველოდით, ახლა ეს მაჩვენებელი 40%-მდეა ჩამოსული” - აღნიშნავს თორნიკე ლაბუჩიძე.