მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სტიქიის სალიკვიდაციოდ, ოზურგეთში 2 წლის წინ დარიგებული სამშენებლო მასალები, ისევ გამოუყენებელია

5c238b37d9999
თამუნა დემეტრაშვილი
26.12.18 19:00
584
ოზურგეთში, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის, 2 წლის წინ დარიგებული სამშენებლო მასალების დიდი ნაწილი ისევ გამოუყენებელია.

ასეთია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა.

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესასწავლად, აუდიტის ჯგუფმა შერჩევით დაათვალიერა ოჯახები და გაარკვია, რომ სამშენებლო მასალების ნაწილი ისევ დასაწყობებულია.

საქმე ისაა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა სტიქიის სალიკვიდაციოდ 1 მილიონ 359 ათასი ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები შეიძინა და 500-ზე მეტ ოჯახს გადასცა.

გეგმის მიხედვით, დაზიანებული სახლების აღდგენითი სამუშაოები მოსახლეობას თავად უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ასე არ მომხდარა.

„აღწერის შედეგად ირკვევა, რომ 532 ოჯახიდან 331-ს არ გამოუყენებია მიღებული 839.1 ათასი ლარის ღირებულების მასალა. მათ შორის, 327 ოჯახს დასაწყობებული აქვს 828.7 ათასი ლარის ღირებულების მასალა, ხოლო ოთხმა ოჯახმა გაასხვისა 10.3 ათასი ლარის ღირებულების მასალა“, - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

უწყება ადგილობრივ ხელისუფლებას პროცესის არასწორ დაგეგმვაში ადანაშაულებს.

აუდიტის სამსახურში მიაჩნიათ, რომ მუნიციპალიტეტს უნდა გაეთვალისწინებინა ის რისკი, რომ მოსახლეობა ამ მასალებს საკუთარი ძალებით ვერ გამოიყენებდა.

,,პასუხისმგებელმა პირებმა სათანადოდ ვერ დაგეგმეს ღონისძიებები, არ გაითვალისწინეს შესაძლო ხელისშემშლელი ფაქტორები, რის შედეგად, პროგრამამ ვერ მიაღწია დასახულ მიზანს. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, 839.1 ათასი ლარი დაიხარჯა არაეფექტიანად”, - აღნიშნავენ აუდიტის სამსახურში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები