მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის მაისში კახეთისა და შიდა-ქართლის რეგიონებში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დღეიდან სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების მიღებას შეძლებს. პრეპარატების ღირებულების სუბსიდირებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.
სუბსიდირების თანხა 1 ჰა-ზე 180 ლარს შეადგენს. სამინისტროს ინფორმაციით, დახმარებას მიიღებს შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონების ყველა ის ბენეფიციარი, რომელსაც მრავალწლოვანი კულტურები დაუზიანდა 1-16 მაისის სეტყვის შედეგად. დაზარალებულ ფერმერებზე სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების გაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ შედგენილი სპეციალური სიების საფუძველზე მოხდება.
სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების გამოყენებით, მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ჩაატაროს დაზიანებული მრავალწლოვანი ნარგავების აღდგენისათვის საჭირო აგროტექნოლოგიური სამუშაოები. ფერმერებს პრეპარატების მიღება აგრობარათებზე დარიცხული აგრო ქულების საშუალებით შესაბამის მუნიციპალიტეტში მდებარე სასოფლო-სამეურნეო ყველა იმ მაღაზიაში შეეძლებათ, რომლებიც მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამაში არიან ჩართულნი.
მაღაზიების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 247 01 01.

























