გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, გეოლოგების საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებული სტიქიის ზონებში 3 ჯგუფი რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს. მათ შორის 2 ჯგუფი იმერეთში და 1 ჯგუფი რაჭის ტერიტორიაზე იმყოფება. იმერეთში დაფიქსირებულია მეწყრები, ხოლო რაჭაში მეწყრული და ღვარცოფული პროცესები.
გარდა ამისა, 6-დან 12 თებერვლამდე გეოლოგების ჯგუფებმა 541 ოჯახი (მათ შორის აჭარის
რეგიონში) შეაფასა, გაატარა საპრევენციო ზომები და მდგრად ადგილზე გადაყვანას დაექვემდებარა 300-მდე ოჯახი. სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შემდგომი დამცავი და სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.
აღსანიშნავია, ბოლო დღეებში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარე თოვლის დნობის პროცესს თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა წვიმის სახით, რომელმაც, თავის მხრივ, გამოიწვია ბუნებრივად ისედაც დაძაბულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სტიქიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, თოვლის ზვავი) ჩასახვა-გააქტიურება.