მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების უმეტესობას ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი წარადგენდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. უფრო კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე - ოპერირების წესები. ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა. ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი განმარტავს, რომ ცვლილებები მომდევნო წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბაზარზე 2000-მდე სტომატოლოგიური კლინიკაა.