“STOPCOVID აპლიკაცია, არის სრულიად უსარგებლო”- ასე მიიჩნევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი ნინო მირზიკაშვილი. როგორც ის ამბობს, აპლიკაცია, რომელიც გაზაფხულზე მთავრობამ კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების იდენტიფიცირებისთვის შექმნა, არ გაამართლა. მისი თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება უფრო აქტიურად და მიზნობრივად უნდა მოხდეს, რომ რეალური შედეგი დაიდოს. კერძოდ, მირიზკაშვილი განმარტავს, რომ უნდა შეიქმნას ელექტრონული საერთო სისტემა, სადაც ერთმანეთს მარტივად დაუკავშირდება სასწრაფო დახმარება, ჰისპიტალი და 112. აქვე გამოჩნდება, რომელ კლინიკას აქვს თავისუფალი ადგილი და რომელს არა.
“ჩვენ ჯერ კიდევ გაზაფხულზე შემგვთავაზა სახელმწიფომ STOPCOVID აპლიკაცია და მე, როგორც მოქალაქემ მაშინვე გადმოვტვირთე. აპლიკაცია უნდა მომსახურებოდა კონტაქტების იდენტიფიცირებას და ვირუსის მატარებელი ადამიანების აღმოჩენას, თუმცა ეს აპლიკაცია, მე, როგორც მოქალაქემ, ვერ მოვიხმარე.
საბოლოოდ აპლიკაციამ ის შედეგი არ მოგვცა, რა მიზნისთვისაც იყო შექმნილი. რაც დაინერგა ეს აპლიკაცია, არის სრულიად უსარგებლო და მნიშნელოვანია, რომ ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ ის და როგორ გაგვიადვილებს ზოგადად თანამედროვე ტექნოლოგიები არსებულ მდგომარეობას, მართვის პროცესს “-ამბობს ნინო მირზიკაშვილი.