ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მლნ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
დღეს, 14 ოქტომბერს, სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) განგრძობადი ოკუპაციის კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთს დაეკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობებისა და ამგვარი ფაქტებისადმი ოფიციალური შემწყნარებლობის პრაქტიკისათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე.წ. ბორდერიზაციის ფონზე მიმდინარეობს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი და შესაბამისად არ აქვს ვალდებულება აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ევროპის საბჭოს წევრი აღარ არის მაინც აქვს ვალდებულება შეასრულოს ეს გადაწყვეტილება. სხვა შემთხვევაში ყოველ გადაუხდელ დღეზე შესაბამისი ჯარიმა ეკისრება. "გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებლობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ეკისრება და საქართველო რა თქმა უნდა, აქტიურად არის ჩართული კომიტეტის საქმიანობაში რომ ეს გადაწყვეტილებები აღსრულდეს", - ამბობს ძამაშვილი.




























