სტრასბურგის სასამართლომ საჩივარი მზია ამაღლობელის მეორე საქმეზეც დაარეგისტრირა. ამის შესახებ საია იტყობინება.
ორგანიზაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეების წარმოება აქტიურად გრძელდება: პირველ საქმეზე, (პატიმრობის, როგორც აღკვეთი ღონისძიების შეფარდება და დაკავშირებული დარღვევები) საიამ წერილობითი პოზიცია წარადგინა; მეორე საქმეზე (ადმინისტრაციული დაკავება და სამართალდარღვევები) ევროსასამართლომ ახალი საჩივარი დაარეგისტრირა.
"2025 წლის 11 იანვარს მზია ამაღლობელი უკანონოდ დააკავეს სტიკერის, წარწერით - „იფიცება საქართველო“, ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დამხმარე შენობის გარე ფასადზე გაკვრის გამო, რა დროსაც მზია ამაღლობელი სარგებლობდა კონსტიტუციითა და კონვენციით განმტკიცებული გამოხატვის თავისუფლებით და სოლიდარობას უცხადებდა მიმდინარე აქციის ფარგლებში უკანონოდ დაკავებულ პირებს. მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავებასთან და მის წინააღმდეგ წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, საიამ 2025 წლის 17 ნოემბერს სტრასბურგის სასამართლოს მიმართა, რომელიც სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა და მიანიჭა შესაბამისი ნომერი (no. 36304/25). ეს მზია ამაღლობელის რიგით მეორე საქმეა სტრასბურგის სასამართლოში", - იტყობინება საია.




























