სტრასბურგის სასამართლომ დაიწყო საქართველოს უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის [FARA] არსებითი განხილვა და სახელმწიფოს კითხვები გამოუგზავნა. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ნატროშვილის განცხადებით, საქმეს შესაძლოა პრეცედენტული მნიშვნელობა მიენიჭოს.
კერძოდ, "საქმიან დილაში" ნატროშვილმა თქვა, რომ არსებობს მოლოდინი, რომ სტრასბურგის სასამართლო აღნიშნულ დავას „განსაკუთრებული გავლენის მქონე საქმედ“ მიიჩნევს.
„უშუალოდ „ფარას“ (FARA) შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლომ საქმის განხილვა უკვე დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და რამდენიმე მედიაორგანიზაციის მიერ წარდგენილ საჩივარს დაშვებადობის კუთხით პრობლემა არ აქვს. რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ პროცესის დასრულების შემდეგ სასამართლო დაადგენს, რომ საქართველოში მიღებული ეს კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ძირითად მუხლებს.
რთული სათქმელია, ზუსტად როდის იქნება გადაწყვეტილება, რადგან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმის განხილვა, როგორც წესი, ხანგრძლივი პროცესია. თუმცა კომუნიკაციის საფუძველზე შევიტყვეთ, რომ სასამართლომ შესაძლოა, ეს საქმე განსაკუთრებული გავლენის მქონე (Impact Case) საქმედ მიიჩნიოს, რაც გადაწყვეტილების უფრო სწრაფ ვადებში მიღებას გულისხმობს. ეს სტატუსი ხაზს უსვამს საკითხის მნიშვნელობას და იმას, რომ დავას შესაძლოა პრეცედენტული გავლენა ჰქონდეს სხვა ქვეყნების პრაქტიკაზეც. მოგეხსენებათ, ეს თემა პრობლემურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ სხვა სახელმწიფოშიც.
უკვე არსებობს არაერთი კომპეტენტური მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეს კანონი ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება. მათ შორის არის „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში, ვენეციის კომისიის დასკვნა და ევროპის საბჭოსა თუ სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებები. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს დავა წარმატებით დასრულდება", - ამბობს ნატროშვილი და დასძენს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტანდარტული პროცედურა სასამართლო მთავრობას უგზავნის შეტყობინებას, რათა მათ საკუთარი მოსაზრებები წარადგინონ.
"ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს მთავრობისგან რაიმე ახალი არგუმენტი მოვისმინოთ, რადგან მათი აქამდე არსებული პოზიციები ვენეციის კომისიისა და „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებით ფაქტობრივად უკვე გაბათილდა. აქედან გამომდინარე, არ მგონია, მთავრობას პრინციპულად განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს. ეს უფრო ფორმალური პროცედურაა", - აცხადებს ლევან ნატროშვილი.




























