სტრასბურგმა ირაკლი კობახიძის მიმართ მამუკა ხაზარაძის საჩივარი წარმოებაში მიიღო - ამის შესახებ ინფორმაციას „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის ადვოკატი, ზვიად კორძაძე ავრცელებს.
Bm.ge-ს ზვიად კორძაძემ დაუდასტურა, რომ საქმე ეხება, „რეკეტის სქემებს“, რაზეც ინფორმაცია ჯერ კიდევ გასულ წელს გავრცელდა. ზვიად კორძაძემ მაშინ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სარჩელი შეიტანა. ადვოკატმა მაშინ თქვა, რომ ირაკლი კობახიძემ მამუკა ხაზარაძის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მამუკა ხაზარაძე წინა ხელისუფლების დროს არსებული „რეკეტის სქემებში“ მონაწილეობდა.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, მამუკა ხაზარაძის ეს საჩივარი სტრასბურგმა წარმოებაში უმოკლეს დროში მიიღო.
"სტრასბურგის სასამართლომ დღეს გვაცნობა, რომ წარმოებაში მიიღო მამუკა ხაზარაძის კიდევ ერთი საჩივარი, რომელიც ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოს განჩინებებს. ამ განჩინებებით უარი გვეთქვა მამუკა ხაზარაძის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიმართ პატივის ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის თაობაზე, აბსურდული მოტივით, რომ თითქოს და პარლამენტის წევრზე ასეთ საქმეებზე ვრცელდება იმუნიტეტი და სასამართლოსთვის მიმართვაც კი არ შეიძლება. ეს უკვე მეორე საქმე, რომელმაც წარმატებით გაიარა ეს სტადია, თან უმოკლეს დროში, მიმართვიდან თვეზე ნაკლებში", - წერს ზვიად კორძაძე.