მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სტრასბურგმა საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის მცხოვრებთა 370 ინდივიდუალური საჩივარი დაუშვებლად ცნო

623c5ae1b0ef5
BM.GE
24.03.22 15:49
835
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. ამის შესახებ დღეს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

„ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ხსენებული საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მომჩივანთა პრეტენზიების გასამყარებლად“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდნენ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, შეუძლებელია, რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს.

"აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი მძიმე დარღვევები შეერაცხება რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების კონკრეტულ წარმომადგენლებს.

სასამართლოს დღევანდელი განჩინებით 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრები ამოიწურა და ამ საკითხის ირგვლივ არსებული ყველა დავა დასრულდა.

იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ გარემოებაზე, კერძოდ: დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 154 საჩივარი, რაც ევროპის საბჭოს წევრობის მანძილზე საქართველოსთვის საუკეთესო მაჩვენებელია. შედარებისთვის – 2009-2012 წლებში ევროპული სასამართლო განიხილავდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ 3000-დან 4000-მდე საჩივარს.

„სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების მკვეთრი კლება საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგია – საქართველოს მოქალაქეების საკუთარი უფლებების ეფექტიანი დაცვა ქვეყნის შიგნითაც შეუძლიათ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები