18 აპრილს, სტრასბურგში დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გადაიდო, სადაც პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც ვიზიტის გადადების მიზეზებია განმარტებული.
"საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით.
ევროპარლამენტისადმი მიმართვა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრების შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი კანდიდატის სტატუსის გასამყარებლად და ამიტომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული გამოსვლის სათანადო დრო", - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.