მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„სტრატეგიული მიდგომა გვაკლია“ - რა აფერხებს ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტს?

ჩინეთი

ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის წარმატებული ექსპორტისთვის მხოლოდ მაღალი ხარისხი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საკმარისი არ არის - ამის შესახებ კომპანია „სილქექსესის“ (Silk Access) დამფუძნებელმა გიორგი ტყემალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მთავარი გამოწვევა სტრატეგიული ხედვის ნაკლებობა და დისტრიბუციის არასწორი მართვაა.

ტყემალაძე მიიჩნევს, რომ ქართველი მწარმოებლებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს ბარიერს ჩინეთის სპეციფიკური სტანდარტების დაკმაყოფილება და ადგილობრივი პლატფორმების არასათანადო ცოდნა წარმოადგენს.

მისივე შეფასებით, ჩინეთის ბაზარზე გასვლა ინდივიდუალურ მწარმოებელს ძალიან უჭირს და პროცესს სისტემური, სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა სჭირდება. ტყემალაძე ყურადღებას ამახვილებს მიზნობრივი ფინანსური პროგრამების საჭიროებაზეც.

“ძირითადი ხარვეზი, რამაც შეიძლება ქართული წარმოების პროდუქციის ჩინეთში ექსპორტი შეაფერხოს არის დისტრიბუცია. სწორი პარტნიორები უნდა შევარჩიოთ და პლატფორმებს უნდა ვიცნობდეთ, თუ როგორ მუშაობს ეს ბაზარი. პროდუქტი შეიძლება გვაქვს და ძალიან კარგია, მაგრამ სწორად უნდა მივაწოდოთ ბაზარს.

ამასთან ერთად, ჩინეთის სპეციფიკური სტანდარტების დაკმაყოფილებაა მნიშვნელოვანი. აქ ვფიქრობ, რომ ბევრ მწარმოებელს შეიძლება გაუჭირდეს.

კარგი იქნებოდა, რომ ფინანსური ხელშეწყობაც ჰქონდეთ, მაგრამ არა უბრალოდ ასე ავდექით და დავაფინანსეთ, არამედ მიზნობრივი პროგრამები უნდა შემუშავდეს, რომელიც რეალურად ჩინეთის ბაზარზე გასვლას ეხება. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი შეიძლება ძალიან კარგია, მაგრამ აქ მხოლოდ მაღალი ხარისხით პროდუქტი არ იყიდება. საჭიროა სწორი პოზიციონირება.

თუ მაგალითად მწარმოებელი მარტო დარჩება ბაზარზე, რაც არ უნდა შეთანხმებები გვქონდეს, ვერ იმუშავებს. წარმატება მოდის სისტემური მხარდაჭერით. მაგალითად, ღვინოზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უკვე მერვე წელიწადია მუშაობს, მაგრამ რეალური შედეგები შეზღუდულია. რატომ? ანუ სტრატეგიული მიდგომა გვაკლია. ღვინის მიმართულებით ვხედავთ, რომ წლების განმავლობაში ზრდის ნაცვლად სტაგნაცია და კლებაც კი არის. სწორედ ეს არის სტრატეგიის არ ქონის გამო. შეთანხმება გვაძლევს შესაძლებლობას, მაგრამ შედეგს მხოლოდ სწორად დაგეგმილი თამაშით შევძლებთ, რომ მივაღწიოთ”, - ამბობს კომპანია „სილქექსესი“ დამფუძნებელი გიორგი ტყემალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები