მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტრუქტურულად არასწორია ლონდონის ბირჟაზე არსებული კომპანიის CEO-ს ასეთ სიაში მოხვედრა - ნიკა გილაური

ნიკა გილაური

ექსპრემიერმა და საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელმა ნიკა გილაურმა გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში უპასუხა "რადიო თავისუფლების" მიერ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რაც კონგრესმენთა მხრიდან მარკო რუბიოსთვის გაგზავნილ, საქართველოში დასასანქცირებელთა სიაში მისი ძმის, ირაკლი გილაურის შეყვანას უკავშირდება. ნიკა გილაური აცხადებს, რომ სტრუქტურულად არასწორია ასეთ სიაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე კვოტირებული "საქართველოს კაპიტალის" CEO-ს შეყვანა, რადგანაც კომპანია არა საკუთარ არამედ გლობალური ინვესტორების კაპიტალს განკარგავს და მის მიზანს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს.

ამასთან, ჯერ კიდევ 14 იანვარს ნიკა გილაურმა განცხადებაში აღნიშნა, რომ მისმა ამერიკელმა მეგობრებმა დაარწმუნეს, რომ აღნიშნული სია, თუკი ის მართლაც არსებობს დასაკალიბრებელია და სავარაუდოდ მასში ზოგიერთი წევრი არასწორად შევიდა. ნიკა გილაური აღნიშნავს, რომ მისთვის ნამდვილად სიურპრიზი იყო, როდესაც ამ სიაში ირაკლი გილაურის სახელი იხილა.

ამასთან, 2025 წლის 13 იანვარს "საქართველოს კაპიტალის" სამეთვალყურეო საბჭომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც ირაკლი გილაურს, CEO-ს პოსტზე სრულად უჭერენ მხარს.

"ნამდვილად ეს იყო ჩემთვის სიურპრიზი. ემოციურადაც და ყველა მხრივ. ქოცი ხომ არ ვარ ჩემი ძმა ჩემი ოჯახის წევრი არ არის? მართლა გამიკვირდა. თვითონ სტრუქტურულად არასწორია იმ კომპანიის მოხვედრა ასეთ სიაში, რომელიც ლონდონის ბირჟაზე არის განთავსებული და რომელიც თავის ფულს კი არ მართავს, მართავს ინვესტორების ფულს, თანაც მართავს ლონდონის ბირჟის ძალიან მკაცრი წესებით და პოლიტიკაში ჩართული ის ვერანაირად ვერ იქნება. თანაც აქ არის ამერიკელი ინვესტორების ფული. შესაბამისად იყო ეს ჩემი გაკვირვების მიზეზი. ეს იყო არაოფიციალური სია და არა კონგრესის მიერ გავრცელებული. ჯერჯერობით არ გვაქვს ამის ორიგინალი და ჭორაობას უფრო ჰგავს. ვამბობ რომ ძალიან გასაკვირია ჩემთვის ასეთი სიის შემადგენლობაში "საქართველოს კაპიტალის" CEO-ს, ჩემი ძმის მოხვედრა. ეს არ არის ჩვეულებრივი ბიზნესი, რომელსაც ქარხნები აქვს და აწარმოებს პროდუქციას და ამ ფულს მფლობელი რასაც უნდა ისე დახარჯავს, უნდა პოლიტიკაში ჩადებს უნდა არ ჩადებს. ეს არის კომპანია, რომელიც სხვის ფულს განკარგავს ძალიან კარგად და მკაცრად გაწერილი წესებით. აქედან გამომდინარე ძალიან ამოვარდნილია ეს კომპანია ამ სიის სხვა წევრებთან შედარებით,"- განაცხადა ნიკა გილაურმა.

"რადიო თავისუფლების" სტატიის თანახმად, აშშ-ის კონგრესის წევრებმა მომდევნო სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს გაუგზავნეს 26 პირისგან შემდგარი სია, რომელიც დაკომპლექტებულია ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისგან, რომლებზეც კონგრესმენთა შეფასებით სანქციების რეჟიმი უნდა გავრცელდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები