„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მურთაზ ზოდელავა, რომელიც პაატა ბურჭულაძესთან ერთად, 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრია, ამბობს, რომ საქართველოში რევოლუცია დაიწყო. მან ამის შესახებ "TV პირველის" ეთერში განაცხადა, სადაც განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. დღეს, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ დემონსტრანტებს პრეზიდენტის სასახლის აღებისკენ სწორედ მან მოუწოდა.
ზოდელავას თქმით, სწრაფი გამარჯვება არ გამოვიდა, მაგრამ ბრძოლა გრძელდება და მომდევნო დღეებში კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს აქციაზე.
"დაიწყო რევოლუცია. ახლა უმნიშვნელოვანესია, რომ ფსიქოლოგიურად გავაცნობიეროთ, რომ ახლა დაწყებულია რევოლუციური პროცესი, ოღონდ ეს პროცესი არის რამდენიმედღიანი ბრძოლა. დღეს არ დავიშალოთ, ხვალ და ზეგ კიდევ უფრო მეტი გამოვიდეთ და გავიმარჯვოთ. რაც შემიძლია ვაკეთებ, პირად მაგალითსაც ვაძლევ",- ამბობს ზოდელავა.
რაც შეეხება ათონელის სასახლის ეზოში შეჭრას, მისი თქმით, "ეს იყო სწრაფი გამარჯვების ვაჟკაცური მცდელობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ნიჰილიზმში გადავვარდეთ".
"მე დამიჭერენ, სხვა იქნება. ეს არაა მოკლევადიანი პროცესი",- აცხადებს მურთაზ ზოდელავა.




























