მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სტუდენტები კოლეჯებში ბუღალტერიის სწავლას ირჩევენ, მოთხოვნა კი სხვა პროფესიებზეა

5cb1c1cfb0178
თათია ჩაფიჩაძე
13.04.19 16:20
987
კოლეჯებში რეგისტრირებულთა და ჩარიცხულთა რაოდნეობა ყოველწლიურად იზრდება. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განმარტავენ, მოთხოვნა უფრო მეტად საოფისე საქმესა და ბუღალტერიაზეა.

„არის ტენდენცია იმისა, რომ უფრო საოფისე საქმე აირჩიონ, იქნება ეს ოფის მენეჯერი, ბუღალტერია თუ სხვა. ვერ ვიტყვით, რომ ამაზე ბაზარზე არ არის მოთხვნა, თუმცა არა იმ დოზით, რასაც თავად მოსახლეობა განსაზღვრავს. ამიტომ ვცდილობთ დიდი პოპულარიზაცია გავუწიოთ ისეთ პროგრამებს, როგორიცაა სამშენებლო, ასევე სერვისი და მომსახურება, რომელიც ძალიან მოთხოვნადია, თუმცა მოსახლეობა შესაძლებელია ჯერ კიდევ თავს იკავებდეს ამ პროფესიების შესწავლისგან.

რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, დაახლოებით 5%-იანი ზრდაა ყოველწლიურად რეგისტრანტთა და ჩარიცხულთა რაოდენობაში,“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას ზრდასრულთა განათლების სამმართველოს უფროსმა მარიკა ზაქარეიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, გაზრდილი დაფინასებით 2019-2020 წლებში მთელი საქართველოს მასშტაბით ახალი კოლეჯების მშენებლობაც იგეგმება. პროგრამების განხორციელება სკოლების ბაზებზეც იქნება შესაძლებელი.

„2 000-ზე მეტი სკოლაა, სადაც კონკრეტული ინფრასტრუქტურა იქნება მოსამზადებელი, შემდეგ კი სკოლების ბაზებზე კონკრეტულ პროგრამებს განვახორციელებთ. ხარისხის და ხელმისაწვდომობის ზრდას უნდა მოხმარდეს ის გაზრდილი ბიუჯეტი, რაც გამოყოფილია პროფესიული სასწავლებლებისთვის.“ - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პროფესიულ კოლეჯებში პედაგოგების ანაზღაურება 30%-ით გაიზარდა. პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხსნის წინ ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო დაფინასებით სარგებლობა კერძო კოლეჯებსაც მიეცემათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები