მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სტუმარმასპინძლობის სექტორში კადრების 700%-იანი დეფიციტია“ - ლევან ქოქიაშვილი

62ab54a033b9d
თათია ჩაფიჩაძე
18.06.22 18:20
3324
სარესტორნო ბიზნესი კვლავ კადრების დეფიციტის წინაშე დგას. "საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის" ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე სეზონზე სექტორი 3-დან 5 ათასამდე კადრის დეფიციტს განიცდის, რაც მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუარესებს.

"ჩვენს სექტორში კადრების 600-700%-იანი დეფიციტის პრობლემა დგას. სრულიად შესაძლებელია, რომ ივლის, აგვისტო, სექტემბერში 3-დან 5 ათასს ადამიანამდე დასაქმდეს იმდენად დიდი მოთხოვნაა, მაგრამ ერიდებიან ადამიანები, არასტაბილურობიდან გამომდინარე არ ენდოებიან სექტორს.

ამ ეტაპზე არიან ობიექტები რომლებიც ვერ იხსნებიან იმის გამო რომ კადრები არ ჰყავთ. 10 მიმტანი რომ მუშაობდა ახლა მუშაობს 3, აქედან გამომდინარე ძალიან შესამჩნევი გახდება სერვისზე ეს დანაკლისი, განსაკუთრებით აქტიურ სეზონზე, მოლოდინი სერვისის ნაწილში არც თუ ისე სახარბიელო უნდა გვქონდეს“, - განაცხადა ქოქიაშვილმა.

რაც შეეხება ხელფასების მატებას, ლევან ქოქიაშვილი ამბობს, რომ ასოციაცია ქვეყნის მასშტაბით სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში დასაქმებულების ანაზღაურებაზე სრულყოფილ სტატისტიკას არ ფლობს, თუმცა ბოლო პერიოდში ხელფასი წევრი კომპანიების მხოლოდ 18-20%-მა გაზარდა, ზრდის მაჩვენებელი კი 10-12%-ის ფარგლებშია.

„ხელფასების ოფიცალური ზრდა არ ყოფილა, თუმცა კონკურენციიდან გამომდინარე სხვადასხვა ორგანიზაციებმა, ვისაც ამის რესურსი აქვს, ხელფასი გაზარდეს.

მსგავსი სტატისტიკა ასოციაციას არ აქვს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ხელფასების ზრდა იმის საფუძველზე ხდება თუ რა პროფესიაზეა საუბარი. მაგალითად მიმტანების ხელფასმა მოიმატა 5, 8, 10 ლარით დღიურად. ასევე მოიმატა შეფ მზარეულების ხელფასმა, ასევე სერვისის მენეჯერების მაგრამ სექტორის ზუსტი ციფრი ცნობილი არ არის. საშუალოდ ეს არის 10-12%-იანი ზრდაა.

ვინც არიან ჩვენი წევრები, მათ შორის ჩავატარეთ მოკვლევა და 100 წევრიდან ანაზღაურება 18-20%-მა გაზარდა", - აღნიშნა "საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის" ხელმძღვანელმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები