სუამ-ის ქვეყნები თავისუფალ ეკონომიკურ ზონას შექმნიან. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მინდია ჯანელიძის განცხადებით, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას ეხება.
"ეს იქნება მნიშვნელოვანი არამხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისთვის, არამედ ეს იქნება მნიშვნელოვანი ასევე სატრანსპორტო კორიდორის შემდგომი გაძლიერებისა და გააქტიურებისთვის", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
როდის და რა ფორმით ჩამოყალიბდება თავისუფალი ეკონომიკური ზონა საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და მოლდოვას შორის, დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
"საქმის კურსმა" აღნიშნული გადაწყვეტილების შეფასება ეკონომისტებს სთხოვა.
ეკონომისტი აკაკი ცომაია ამბობს, რომ თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შემდეგ არ უნდა არსებობდეს მოლოდინი, რომ ეს რადიკალურ გარღვევებს შეიტანს ვაჭრობაში და განსაკუთრებულად გაზრდის პროდუქციის იმპორტ-ექსპორტს. თუმცა, ფაქტი, რომ იქმნება კიდევ ერთი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება დამატებით რამდენიმე ქვეყანასთან დადებითი სიგნალი იქნება უცხოელი ინვესტორებისთვის და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ნდობის ამაღლებას.
მისივე შეფასებით, როდესაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იდება განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის, ეს უფრო მეტად სასარგებლო განვითარებადი ქვეყნისთვისაა, როგორც ეს აშშ-სა და მექსიკას შორის იყო. თუმცა, ამ შემთხვევაში, ეკონომისტი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებულად სასარგებლო ეს შეთანხმება სუამ-ის არცერთი წევრი ქვეყნისთვის არ იქნება.
ეკონომისტი გიორგი პაპავაც ახალი თავისუფალი ეკონომიკური ზონის დადებით გავლენებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, რაც მეტი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება იქნება გაფორმებული, მით უკეთესია ქვეყნის ეკონომიკისთვის.
"ბევრი ქვეყანა პოლიტიკური თუ სხვა მიზეზების გამო ერთმანეთში ასე თავისუფლად ვერ ვაჭრობს",- აცხადებს პაპავა.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ ხელშეკრულებას, პაპავას თქმით, ყველაზე დიდი ბაზარი საქართველოსთვის მაინც უკრაინაა.
"უკრაინასთან ვაჭრობის ისედაც კარგი სტატისტიკა გვაქვს. თუმცა, მნიშვნელოვანია უკრაინის მდგომარეობის გათვალისწინება. ჩვენ თუ იმპორტს გავაკეთებთ უკრაინიდან, ეს მხოლოდ კარგი შეიძლება იყოს, რამდენადაც იქ შედარებით იაფად ხდება რაღაცების წარმოება. მეორე მხრივ, ბაზარი საქართველოსთან შედარებით გაცილებით დიდია, ამიტომ წვდომა თავისუფალი ვაჭრობის პირობებში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის",- აცხადებს პაპავა.
მისივე შეფასებით, საქართველოს პროდუქციის უმეტესობაზე განულებული აქვს იმპორტის გადასახადი, ამიტომ განსაკუთრებულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.
"სწორედ ამის გამო ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შემთხვევაშიც კი ადგილობრივი მწარმოებელბი არ ზიანდებიან. ჩვენ გახსნილი ეკონომიკა გვაქვს და ჩვენი ქვეყანა უფრო მეტად ისარგებლებს ორი მიზეზის გამო. ერთი იმიტომ, რომ რამდენიმე დამატებითი ბაზართან წვდომა უფრო გაიზრდება. მეორე, ინვესტიციების მოზიდვაა ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც თავისუფალი ვაჭრობა გაქვს რაც შეიძლება მეტ ქვეყანასთან, უფრო მეტი შანსია გაისხნას დამატებითი წარმოებები და გაიზარდოს ეკონომიკა",- აცხადებს აკაკი ცომაია.

























