მთავრობის რეგიონალური მართვის სამსახურის უფროსის სოზარ სუბარის განცხადებით, „ის, რომ მოსახლეობის 30% უიმედო ვალებშია, ეს არის სერიოზული პრობლემა“.
ასე უპასუხა სუბარმა ე.წ. „შავი სიის“ შესაძლოა გაუქმებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
"ზოგადად, ის რომ მოსახლეობის 30% უიმედო ვალებშია, ეს არის სერიოზული პრობლემა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება შეუძლებელია, როდესაც ამდენი ადამიანი გადახდისუუნაროა. გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯები ამ კუთხით გადადგმულია და კიდევ უფრო მეტი გადაიდგმება, - განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, მთავრობის ბოლო სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც განაცხადა, რომ მოქალაქეების ე.წ. „შავ სიაში“ ყოფნა ქვეყანაში ინკლუზიური ზრდის მისაღწევად მნიშვნელოვანი ბარიერია და მთავრობა ამ მიმართულებით „საინტერესო წინადადებას ამზადებს“.
„რაც შეეხება ე.წ. „შავ სიას“, რაც განვაცხადე პარლამენტის ტრიბუნიდან, იგივეს ვიტყვი დღეს, რომ ეს გახლდათ სრულიად მიუღებელი. ჩვენი მოქალაქეები და ეს გახლავთ თითქმის 650 ათასი ადამიანი, მოკლებულია განახორციელოს ქვეყანაში ნორმალური ეკონომიკური აქტივობა. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ბარიერი იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას, ჩვენ ვახორციელებთ ძალიან ბევრ რეფორმას, მაგრამ თუ ამ რეფორმების შედეგი ვერ აისახა მოსახლეობის დიდ ნაწილზე, ეს ამ შემთხვევაში გახლავთ ბარიერი, რაც მიუღებელია; ამ პრობლემას სჭირდება
გადაჭრა. ვიცი, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხზე და ვიმედოვნებ, უკვე შემოდგომაზე ძალიან საინტერესო წინადადების პრეზენტაცია გვექნება", - განაცხადა ბახტაძემ.