"სუბლიმირებული ხილისა და კერძების საწარმო IZY საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე მუშაობს", - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ კომპანიის დირექტორმა, ანა შაქარაშვილმა ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით, ჩინეთში გამართულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, რომელშიც "იზისთან" ერთად 40-მდე ქართული კომპანია იღებდა მონაწილეობას.
ანა შაქარაშვილის თქმით, გამოფენაზე მათი პროდუქციის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი იყო. შედეგად, კომპანიამ ბევრი კონტაქტი წამოიღო, კერძოდ ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან, რომლებთანაც ამ დრომდე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
“წამოვიღეთ საკმაოდ ბევრი კონტაქტი და დღემდე გვაქვს მოლაპარაკებები როგორც ჩინელ, ასევე სამხრეთ კორეელ კომპანიებთან. ვიმედოვნებ, რომ მოლაპარაკებები 2025 წლის ბოლომდე დადებითად დასრულდება და ჩინეთის ბაზარზე გავალთ.
მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი პროდუქციის ექსპორტი არა მხოლოდ აზიის ქვეყნებში, არამედ ამერიკასა და კანადაშიც გავიდეს. თვეში მინიმუმ ორჯერ მაინც ვიღებთ უკუკავშირს ჩვენი მომხმარებლებისგან ოფიციალური გვერდების საშუალებით. პროდუქციის მომხმარებლები ძირითადად ტურისტები არიან, რომლებისგანაც დადებითი უკუკავშირი მოგვდის. შესაბამისად, მათი ინტერესიცაა რომ ექსპორტი ევროპაშიც გავიტანოთ”, - ამბობს შაქარაშვილი.
მისივე ცნობით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს აშშ-სთანაც, სადაც სავარაუდოა, სრული პროდუქცია რომ წლის ბოლომდე უნდა გავიდეს. ამ დროისათვის კომპანია დოკუმენტების და სერტიფიკატების მოპოვების პროცესშია, რათა პროდუქციის ექსპორტზე გატანა შეძლონ.




























