კომპანია ,,თბილღვინოს“ დამფუძნებელი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ რთველის სუბსიდირების მოხსნა ყურძნის სამართლიანი ფასის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, როგორც მან Bm.ge-ს განუცხადა, ყურძენზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ მისი რეალიზაცია მთავრობის ჩართლობას აღარ საჭიროებს.
,,ყურძნის სუბსიდირება ნაწილობრივ გასულ წელსაც შეწყდა, ეს მოსალოდნელიც იყო, ადრე თუ გვიან უნდა გამოსულიყო სახელმწიფო სუბსიდირებიდან. სახელმწიფოს ძირითადი მოტივი არის ის, რომ მოთხოვნა ყურძენზე იმ ზღვრამდეა გაზრდილი, რომ აღარ სჭირდება ხელისუფლების ჩართულობა. ეს, რა თქმა უნდა, მწარმოებლებს ყურძენს გარკვეულწილად გაუძვირებს და შესაძლოა ფინანსურად შემსყიდველებისთვის მტკივნეული იყოს, მაგრამ ხელს შეუწყობს უფრო სამართლიანი, საბაზრო ფასის ჩამოყალიბებას“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, ყურძნის ფასი წლევანდელ რთველზე მოსავლიანობისა და მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისად განისაზღვრება, მოთხოვნა ყურძენზე კი სავარაუდოდ წელსაც დიდი იქნება.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით გასულ წელს რთველზე საფერავის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება აღარ განხორციელდა, წელს კი სუბსიდირების მექანიზმი რქაწითელზეც მოიხსნება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე რთველი-2018-ის საორგანიზაციო საკითხები და ღვინის სექტორის მმართველობის რეფორმის მიმდინარეობა განიხილა.
მინისტრის შეფასებით, გასული წლის მიდგომამ, როდესაც სახელმწიფო აღარ ჩაერია ჩასაბარებელი ყურძნის ფასების დადგენაში, შედეგი გამოიღო და ბაზარმა თავად დაადგინა ფასები, რაც თავის მხრივ, პოზიტიურად აისახა დარგის განვითარების მდგრადობაზე. 2018 წლის რთველი ჩაივლის სუბსიდირების გარეშე და სახელმწიფო, ღვინის ეროვნული სააგენტო სახით, რთველის პროცესში ჩაერთვება ორგანიზების, აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის დონეზე.

























