გულშემატკივრები საქართველო-ესპანეთის მატჩზე გასამგზავრებლად ავიაბილეთების შეძენას საქართველოს გადასახადების გადამხდელების ფულით სუბსიდირებული ფასებით შეძლებენ. როგორც ეკონომიკის სამინისტრო იტყობინება, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება EUR 390 იქნება.
"საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრები კვლავ შეძლებენ ავიაბილეთის სპეციალური, სუბსიდირებული ფასით შეძენას და საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური ჩარტერული რეისებით, 30 ივნისს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან მერვედფინალურ მატჩზე საგულშემატკივროდ გერმანიაში გამგზავრებას.
ფრენები განხორციელდება თბილისი - კიოლნი - თბილისის მიმართულებით.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩარტერები შესრულდება 29 და 30 ივნისს, ხოლო 2 ივლისს ქართველი გულშემატკივრები შეძლებენ გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებას.
სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება კვლავ იქნება EUR 195. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება შეადგენს EUR 390-ს.
ჩარტერულ რეისებს შეასრულებენ ავიაკომპანიები: ჯორჯიან ეარვეისი და ჯორჯიან ვინგსი.
სუბსიდირებული ავიაბილეთით სარგებლობას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ", - იტყობინება ეკონომიკის უწყება.
საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად მორგებული სუბსიდირებული ჩარტერული ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:
29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 12:00
29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 19:00
30 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 04:30
2 ივლისი კიოლნი-თბილისი, გამოფრენა 15:00
შეგახსენებთ: EURO-2024-ზე, საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის ავიბილეთების სუბსიდირებისთვის მთავრობამ 1.5 მლნ ევრო უკვე გამოყო. რა დაუჯდება დამატებით 4 ავიარეისის სუბსიდირება საქართველოს გადასახადების გადამხდელებს, ჯერჯერობით, უცნობია.