სუდანში მყოფი ავიაკომპანია Geosky-ს 20-ვე თანამშრომელი საქართველოში 27 აპრილს დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს.
"ავიაკომპანია Geosky-ს 20 ეკიპაჟის წევრი, რომლებიც სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სუდანში, კერძოდ დედაქალაქ ხარტუმში, მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე თანამშრომელთა უსაფრთხოებისათვის გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა მათი უსაფრთხო დაბრუნება საქართველოში და ავიაკომპანია Geosky-მ, საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით მოახდინა მათი მშვიდობიანი ევაკუაცია სახმელეთო გზით ეგვიპტის საზღვრამდე, სადაც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში მიხეილ თიგიშვილი დახვდათ .
ეკიპაჟის სრული შემადგენლობა 27 აპრილს იქნება საქართველოში", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სუდანში 15 აპრილს დაწყებული სამხედრო დაპირისპირების დროს, ავიაკომპანიის 20 წევრი იმყოფებოდა დედაქალაქ ხარტუმში. მას შემდეგ ავიაკომპანია Geosky, უწყვეტ რეჟიმში იმყოფებოდა კომუნიკაციაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მათი დახმარებითა და ჩართულობით ეკიპაჟის წევრები უვნებლები დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს.