მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუფთა სახლი: "საბითუმო ვაჭრობაზე გადასვლა ნაკლებად სავარაუდოა"

5e95964faeb42
ვიქტორია მღებრიშვილი
15.04.20 21:30
2391
საბითუმო ვაჭრობაზე გადასვლა ნაკლებად სავარაუდოა, - განუცხადა BM.GE-ს საცალო ვაჭრობის კომპანია „სუფთა სახლის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა ანი ნადირაშვილმა.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი განმატავს, მუშაობის შეჩერება სამთავრობო დადგენილების შედეგად მოხდა, და მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით არსებულ კომპანიებს საბითუმო ვაჭრობის შესაძლებელობა მიეცათ, „სუფთა სახლში“ დისტრიბუციაზე გადასვლის ვერსია ჯერჯერობით არ განუხილავთ.

„ჩვენ არ ვართ დისტრიბუტორები, ჩვენ ვართ საცალო ვაჭრობით დაკავებული კომპანია, შესაბამისად ქსელების მომარაგებას ჩვენ ვერ განვახორციელებთ, ჯერჯერობით სრულად გაჩერებულები ვართ.

საბითუმო ვაჭრობაზე გადასვლის საკითხზე ჯერ არ გვიმუშავია, რადგან დღემდე ქსელების მოწესრიგების საკითხებით ვართ დაკავებულები. ამიტომ ამაზე პასუხი არ გვაქვს, თუმცა ჩვენ არ ვოპერირებთ საცალო ვაჭრობის მიმართულებით და საბითუმო ვაჭრობაზე გადასვლა ნაკლებად სავარაუდოა“, - უთხრა BM.GE-ს ანი ნადირაშვილმა.

კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელის თქმით, „სუფთა სახლში“ 1 200 ადამიანია დასაქმებული და კომპანია თითოეული მათგანის შენარჩუნებას ეცდება.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა კომპანია აპრილის თვის ხელფასების გაცემას, კომპანიაში პასუხი არ აქვთ და აცხადებენ, რომ ეს ისევ და ისევ დამოკიდებულნი იქნებიან არსებული მდგომარეობის განვითარებაზე.

„შეიძლება აპრილში განვაახლოთ მუშაობა, ყველაფერი დამოკიდებულია როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად ყველა თანამშრომლის შენარჩუნებას, ეს არის კომპანიის პოზიცია“, - აღნიშნა ანი ნადირაშვილმა.

BM.GE-ის კითხვაზე როდის მოახდინა კომპანიამ StopCov ფონდში თავისი შენატანის გადარიცხვა, ანი ნადირაშვილი ამბობს, რომ ეს კომპანიების მიერ სოციალური პასუხისმგებლობის გააქტიურებისთანავე მოხდა, თუმცა ამის აფიშირება არ გაუკეთებიათ.

„ჩვენ არ ვართ კომპანია, რომელიც სოციალურ კამპანიებში მონაწილეობას აპიარებს, იმიტომ რომ მომხმარებელში კეთილგანწყობა მოიპოვოს. ჩვენ ეს თანხა ჯერ კიდევ მაშინ გადავრიცხეთ, როდესაც დღის წესრიგში კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, დაახლოებით 2 კვირის წინ იყო და მანამდე იყო სანამ რაიმე სახის შეზღუდვები დაწესდებოდა და მოვხვდებოდით შეზღუდული კომპანიების სიაში. ეს იყო ჩვენი დამოუკიდებელი სურვილი და ჩვენ მუდმივად მზად ვართ წვლილი შევიტანოთ COVID-19-თან ბრძოლის პროცესში“, - აღნიშნა „სუფთა სახლის“ წარმომადგენელმა.

კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელის თქმით, „სუფთა სახლის“ ადმინისტრაცია არანაირ შემოწმებას არ ელოდება და ისინი საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ ამოქმედდებიან.

„10 აპრილს შევაჩერეთ მუშაობა. ველოდებით, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულებისა და ეპიდემიოლოგიური ვითარების დალაგების შემდეგ დავბრუნდეთ ბაზარზე, რადგან ჩვენი საქმიანობის შეჩერების მიზეზი უსაფრთხოების ზომებთან შეუსაბამობა არ ყოფილა, შემოწმებას არ ველოდებით“, - უთხრა BM.GE-ს ანი ნადირაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები