მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სულ უფრო მეტი ინვესტორი ინტერესდება საქართველოთი“ – ჰონიგშტაინი

63e3b9eda883f
ელენე კვანჭილაშვილი
08.02.23 23:55
1221
„ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა – ლინეატი, ჯედიქლაუდი, იპამი – ოფისები საქართველოში გახსნეს და სულ უფრო მეტ ადამიანს ასაქმებენ. მეტი და მეტი ინვესტორისგან გვესმის, რომ ისინი სულ უფრო მეტად ინტერესდებიან საქართველოთი“ – ეს არის ამონარიდი ექსკლუზიური ინტერვიუდან, რომელიც საქართველოში აშშ–ის საელჩოს პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მრჩეველმა მაიკლ ჰონიგშტაინმა ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემა „ანალიტიკა“–ს მისცა.

მაიკლ ჰონიგშტაინის თქმით, ბევრმა კომპანიამ – მათ შორის ამერიკულმა კომპანიებმაც – ბიზნესის წარმოების სიმარტივის გამო, საქართველოში დაფუძნება და საქმის აქედან წარმოება არჩიეს.

ამერიკის საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური მრჩეველი იმასაც აანონსებს, რომ „მალე გამოჩნდებიან კომპანიები, რომლებიც ასევე არიან დაინტერესებულები განახლებადი ენერგიის სექტორით საქართველოში“. მისივე თქმით, ჰიდროენერგეტიკის დარგში ამერიკულ ინვესტიციას უკვე კარგა ხანია მოაქვს შედეგი.

„დიახ, ამ ომმა შექმნა გარკვეული შესაძლებლობები, მაგრამ ეს ზრდა არ უნდა შეგვეშალოს სტაბილურ და მდგრად ზრდაში. ეს მოკლევადიანი ბუსტერია და ამიტომაც, როცა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ მომზადებულ მომდევნო წლების ეკონომიკურ პროგნოზებს ვუყურებთ, ვხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდა რჩება, თუმცა ერთნიშნა ნიშნულზეა,“ – ამბობს მაიკლ ჰონიგშტაინი.

ამერიკის საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური მრჩეველი არ ეთანხმება Fitch Rating-ის შეფასებას, რომლის მიხედვითაც, „რუსეთ–უკრაინის ომი საქართველოს ეკონომიკისთვის მოკლე ვადაში პოზიტიური შოკი აღმოჩნდა“. მაიკლ ჰონიგშტაინის შეფასებით, რუსეთის აგრესიას უკრაინაში გამანადგურებელი შედეგები აქვს, რაც უარყოფითი შოკების გავრცელების წყაროა მთელს მსოფლიოში.

„მიწოდების ჯაჭვები, საკვანძო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა – დიდი გამოწვევაა. ინფლაცია მაღალია და ეს აქ, საქართველოშიც ვიგრძენით. ამავე ომის შედეგია დიდი რაოდენობით ადამიანების და კაპიტალის შემოდინება. დღეს საქართველოში 100 ათასზე მეტი რუსია, 15 ათასი რუსი ჩართულია ბიზნესსაქმიანობაში,“ – ამბობს ჰონიგშტაინი.

ამერიკის საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური მრჩეველი ეხმიანება ეკონომისტებს შორის არსებულ დებატსაც იმის თაობაზე, თუ რამდენად შენარჩუნებადია მაღალი ეკონომიკური ზრდა. მაიკლ ჰონიგშტაინს მიაჩნია, რომ ახლა მთავარია იმ შესაძლებლობების დანახვა და გამოყენება, რაც შექმნილმა ვითარებამ მოიტანა.

„ბევრი კომპანია უკვე შემოვიდა საქართველოში, ბევრიც დაინტერესებულია და ისინიც შემოვლენ თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ მათ აქ უკვე არსებული ინვესტორები. ამის საფუძველზე შეიძლება მსჯელობა – მოკლეა თუ გრძელვადიანია ის ეკონომიკური ზრდა, რაც საქართველოს აქვს,“ – ამბობს მაიკლ ჰონიგშტაინი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები