მარტში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ქარის მეორე 19 მეგავატიანი სადგური დაემატა. სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, შპს „ზემო ვინდის“ ქარის ელექტროსადგურმა [ზემო ქარის ელექტროსადგური] თითქმის 4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა.
ქარის ელექტროსადგური კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი დადგმული სიმძლავრე 18.75 მგვტ, საპროექტო წლიური გამომუშავება კი 67 მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს.
შპს "ზემო ვინდი" 2022 წელს არის დაფუძნებული. მისი 100%-იან წილის მფლობელი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილია. კომპანიის ამონაწერის თანახმად, პროექტი "საქართველოს ბანკის" საკრედიტო დაფინანსებით ხორციელდება.
გარდა აღნიშნული პროექტისა, ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, სულხან პაპაშვილი ფლობს 50%-ის წილს კომპანია "პირველში", რომელიც შიდა ქართლში, სოფლების - უფლისციხის და შავშვების მიმდებარედ 112-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის პროექტს ავითარებს.
სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ იანვარ-მარტში ორმა ქარის სადგურმა ჯამში 26 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც მთლიანი გამომუშავების 1%-ც არ არის.




























