მძიმე მრეწველობის დარგის პრობლემებზე "ბიზნესკონტატთან" "ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციის" თავმჯდომარე სულხან ხვედელიძე საუბრობს.
- ბატონო სულხან, რომელი საწარმოები დაიხურა და რა არის ამის მიზეზი?
- სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აქ ძირითადი პრობლემა 2015 წლის 1 აგვისტოს იწყება. მანამდეც დარგი მსოფლიო ბაზარზე კრიზისში შედიოდა, მაგრამ დენის ტარიფის ზრდამ, რომელიც 1 აგვისტოს მოხდა, დარგი ჩიხში შეიყვანა, რადგან 41%-ით გაზრდილი ელექტროენერგიის საფასურმა კომპანიებს აღარ მისცა საშუალება, რომ მსოფლიო ბაზარზე ბრძოლისთვის გაეძლოთ.
- რა გამოხმაურებაა მთავრობის თუ შესაბამისი სტრუქტურებისგან?
- 2015 წლის 1 აგვისტოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო და ენერგო ტარიფის გადასახადი გაიზარდა - მაგრამ საინტერესოა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ლარის გაუფასურება იყო. დღეს ლარი მყარდება, მაგრამ სემეკი ამ ტარიფის უკან გადასვლას სამწუხაროდ, არ აკეთებს.
- დააყენეთ ეს საკითხი?
- ჩვენ მთავრობასთან შეხვედრის პირობებში ეს დავაფიქსირეთ. ახლა წერილს უშუალოდ სემეკისთვის ვამზადებთ, მათ მომავალ კვირაში უნდა მივმართოთ, რადგან დაახლოებით 30-ზე მეტი პუნქტით გამყარდა ლარი და ეს შესაბამისად მოქალაქეებზე ნეგატიურად აისახება. როდესაც ეს ექსპორტს ეხება დენის გაზრდილი ტარიფის დაბალანსება ერთადერთი ამით ხდებოდა, მაგრამ სამწუხაროა, რომ დღეს უფრო მეტი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა დარგი. მსოფლიო ბაზარზე ფასის ოდნავი ზრდა შეიმჩნევა, მაგრამ აქ სხვა პრობლემები დაემთხვა და შესაბამისად, დარგი კრიზისიდან კი არ გამოვიდა, არამედ მეტ ჩიხში შევიდა.
- შეიძლება ითქვას თუ არა, რომ თვითღირებულების და ტარიფის თემა, ქვაკუთხედი და მთავარი გადამწყვეტია და ის თქვენი ასოციაციის წევრებისთვის მდგარ ბევრ პრობლემას მოხსნიდა?
- თვითღირებულების ძირითადი ელემენტი იყო მანგანუმის კონცენტრატი, მაგრამ ენერგოტარიფების გაზრდამ ის გამოიწვია, რომ პირველ ადგილზე თვითღირებულებაში ენერგო დანახარჯი გადავიდა. აქედან გამომდინარე, ძირითადი ქვაკუთხედი, რა თქმა უნდა ჩვენი პროდუქციის წარმოების დროს, ელექტროენერგიის საფასურია. დარგი ვითარდება მხოლოდ იქ, სადაც ენერგო სტაბილურობაა. სადაც ენერგო გადასახადები არ იცვლება დარგი იქ მიდის წინ.

























