კოსმეტიკურმა გიგანტმა Estee Lauder Companies-მა ბრიტანელი მეწარმის და პარფიუმერის, ჯო მალონის, მისი სუნამოების ბრენდ Jo Loves-ისა და Zara-ს ბრიტანული ფილიალის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და 200 000 გირვანქა სტერლინგზე მეტის ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. დავის საგანი გარკვეულ პროდუქტებზე მალონის სახელის გამოყენებაა.
საქმე ისაა, რომ Estee Lauder-მა მალონის სახელობის პარფიუმერიის ბრენდი Jo Malone London და მისი სახელის გამოყენების უფლება 1999 წელს შეიძინა. 2006 წელს მალონიმ ამ ბრენდის კრეატიული დირექტორის პოსტი დატოვა, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ ნანობდა საკუთარ სახელზე უფლებების გაყიდვას, რასაც "ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა" უწოდა.
2011 წელს მან სუნამოების ახალი ბრენდი Jo Loves დააარსა. 2019 წელს ამ სუნამოების ბრენდმა Zara-სთან კოლაბორაცია წამოიწყო, რომელიც რვა არომატს მოიცავდა და თითო 35.99 გირვანქა სტერლინგად იყიდებოდა. შეფუთვაზე ნათლად ეწერა, რომ პროდუქცია მალონიმ შექმნა.
Estee Lauder-ის განცხადებით, ბრიტანულ სასამართლოში შეტანილი სარჩელის საფუძველი სწორედ ეს სუნამოები და მათზე დატანილი წარწერები გახდა.
კერძოდ, Zara-ს ბრიტანულ ვებსაიტზე Jo Loves-თან კოლაბორაციის სუნამოებზე, პროდუქტის აღწერილობაში ეწერა ფრაზა: "შექმნილია ჯო მალონის, Jo Loves-ის დამფუძნებლის მიერ (Created by Jo Malone CBE, founder of Jo Loves)".
Estee Lauder-ის განცხადებით, ეს სახელი პროდუქტის შეფუთვაზეც იყო დატანილი. თუმცა, ზუსტად როდის გამოიტანა Zara-მ გასაყიდად ჯო მალონის სახელის მატარებელი პროდუქცია, ჯერჯერობით უცნობია.
Estee Lauder-ის პრესსპიკერის თქმით, მალონიმ ამერიკულ კომპანიასთან დადო შეთანხმება, რომ არ გამოიყენებდა სახელს "ჯო მალონი" გარკვეულ კომერციულ კონტექსტში, მათ შორის სუნამოების მარკეტინგში.
პარფიუმერმა ჯო მალონიმ აპრილში, სარჩელის გამოქვეყნებიდან ერთ თვეში გაკეთებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ამ ფაქტის გამო "გაკვირვებული და ძალიან ნაწყენია".
"მე ვარ ჯო მალონი. მე ვარ პიროვნება, სუნამოების შემქმნელი, მეწარმე, კიბოს გადარჩენილი, უბრალოდ ადამიანი. არასდროს მოველოდი უზენაესი სასამართლოდან ისეთი სარჩელის მიღებას, რომელზეც ჩემი სახელი წერია", - თქვა მან.
მისი თქმით, როდესაც 7 წლის წინ Zara თანამშრომლობის შეთავაზებით დაუკავშირდა, "ისინი დამიკავშირდნენ მე, და არა კომპანიას, ბრენდს ან ლოგოს. ისინი დამიკავშირდნენ მე, ჯო მალონს, როგორც პიროვნებას, და მკითხეს, დავიწყებდი თუ არა მათთან მუშაობას და შევქმნიდი თუ არა სუნამოებს, რომლებსაც მსოფლიოში ყველა გამოიყენებდა. მე გავყიდე კომპანია და არა საკუთარი თავი".
პარფიუმერის თქმით, Zara-მ და Jo Loves-მა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა ნათელი ყოფილიყო, რომ ამ სუნამოებსა და Jo Malone London-ის პროდუქტებს შორის კავშირი არ არის.
Estee Lauder-ს საპასუხო კომენტარი ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.




























