ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის მოსამზადებლად კონკურსი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 4.8 მილიონ ლარს შეადგენს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის თანახმად, პროექტი მიზნად ისახავს ისეთი სივრცის შექმნას, რომელიც მოემსახურება ხაშურის, სურამისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის როგორც სპორტულ, ისე კულტურულ-შემეცნებით საჭიროებებს.
კომპლექსი გააერთიანებს მულტიფუნქციურ სივრცეებს, დიდი ზომის და საბავშვო აუზებს, სატრენაჟორო და ფიტნეს დარბაზებს.
შენობებში განთავსდება სპორტის სხვადასხვა სახეობებისთვის განკუთვნილი სივრცეები, მათ შორის ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, MMA-ს, მაგიდის ჩოგბურთის, ტანვარჯიშის და ფარიკაობის დარბაზები.
მრავალფუნქციური კომპლექსი ასევე მოიცავს: მედიათეკას, ქორეოგრაფიულ, სახელოვნებო, ფოლკლორის და უცხო ენების სივრცეებს, სტემ-კლუბს, ღონისძიებების მრავალფუნქციურ სივრცეს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ზონებს.
კომპლექსის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია, ასევე, ავტოსადგომის, საფეხმავლო ბილიკების, რეკრეაციული ზონის და გამწვანების მოწყობა, ასევე გარე განათების, უსაფრთხოების და წყალმომარაგების სისტემების დაგეგმარება.
სატენდერო პირობების თანახმად, საპროექტო გუნდის მთავარი ინჟინრის/არქიტექტორის სამუშაო გამოცდილება უნდა იყოს მინიმუმ 10-წლიანი. ასევე აუცილებელია არანაკლებ 2,000 მ² ფართობის საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობის, ან/და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის მშენებლობის ან რეკონსტრუქციის პროექტირების მართვის გამოცდილების წარდგენა, რომელთა რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ სამი, აქედან 1 პროექტი, განხორციელებული 2020 წლის 01 იანვრიდან, წინამდებარე კონკურსში წინადადებების მიღების დასრულებამდე პერიოდში.
საინჟინრო/არქიტექტურულმა ბიუროებმა ტენდერში საკუთარი წინადადებები 12 თებერვლამდე უნდა წარადგინონ.




























