„ისინი ალბათ იყვნენ ისეთი დაბალი ხელფასის მქონე ადამიანები, რომლებიც საპენსიო შენატანების მიმართ ძალიან მგრძნობიარეები იყვნენ,“ - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული 42,000-მდე პირის მიერ სისტემის დატოვების კომენტირებისას განაცხადა.
როგორც სურგულაძე განმარტავს, საპენსიო რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ საქართველოში კაპიტალის ბაზარი განვითარდეს.
„რეფორმას უდაოდ გამოკვეთილი სიკეთეები აქვს, უნიკალური სიკეთეები. ასეთი მასშტაბის რეფორმა, როგორც ეკონომიკური ისე სოციალური თვალსაზრისით საქართველოში პირველად ხორციელდება. შესაძლოა იყო გარკვეული ინფორმირებულობის ნაკლებობა და რაც მოვასწარით ეს გავაკეთეთ, ყველაფერი გავაკეთეთ და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ.
საჯარო სექტორიდან ვინც სისტემა დატოვა ჩვენ გარკვეული ანალიზი გავაკეთეთ. ისინი ალბათ იყვნენ ისეთი დაბალი ხელფასის მქონე ადამიანები, რომლებიც საპენსიო შენატანების მიმართ ძალიან მგრძნობიარეები იყვნენ, თუმცა საპენსიო რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ საქართველოში კაპიტალის ბაზარი განვითარდეს, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარებას, ჩვენი შეფასებით დაახლოებით 3-4%-ით. ეს თავის მხრივ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს და შემოსავლების ზრდასაც.“ - განაცხადა სურგულაძემ.
ცნობისთვის: საქართველოს საპენსიო სააგენტომ ევროპული საქართველოს წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გაგზავნილ სადეპუტატო კითხვას წერილობით უპასუხა. ოფიციალური პასუხის მიხედვით, საპენსიო სისტემა ნებაყოფლობით 41,805-მა საჯარო მოხელემ დატოვა. კერძო სექტორიდან კი დაგროვებითი სისტემიდან 107,137 ადამიანი გავიდა.

























