"არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, კვლავ შედარებით მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო,"- ამის შესახებ სების პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დღეს სებმა გაზრდილი ინფლაციის მიუხედავად, რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან მიუთითა, რომ 2025 წელს საშუალო ინფლაცია აქამდე პროგნოზირებული 3.8%-ის ნაცვლად, 4% იქნება, ასევე გაიზარდა 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 3.1%-დან 3.5%-მდე. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, სებმა ინფლაციის მატების მიუხედავად ამ ეტაპზე რეფინანსირების განაკვეთი არ გაზარდა იმიტომ, რომ ინფლაცია მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია სურსათის ფასების მატებასთან, რასაც ფასების საერთო დონეზე ერთჯერადი ეფექტი ექნება და ის ეტაპობრივად ამოიწურება.
„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში წლიური ინფლაცია 5.2%-ს შეადგენს. მიზნობრივ 3%-იან დონესთან შედარებით მაღალი ზრდა განპირობებულია სურსათის ინფლაციით. სურსათის ფასების გამორიცხვით და ასევე ხისტი ფასების საზომი სხვა მაჩვენებლების მიხედვით, ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება.
კერძოდ, მომსახურების ინფლაცია 2.5%-ს შეადგენს, ხოლო საფასო ინფლაცია 2.4%-ია. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ იმპორტირებული პროდუქტის ინფლაცია დაბალია, კერძოდ 0%-ი. თუმცა, მიუხედავად აღნიშნული ტენდენციებისა, შედარებით მოქნილი ფასების ხანგრძლივად მაღალ დონეზე შენარჩუნება, და მოქნილ ფასებში სწორედ რომ სურსათის ფასები მოიაზრება, ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკს საყურადღებოდ ტოვებს.
სწორედ ამ ტენდენციებიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინფლაციის პროგნოზი ზრდის მიმართულებით გადაიხედა 2025-2026 წლებისათვის. კერძოდ, 2025 წელს ინფლაცია დაახლოებით 4%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო 2026 წელს 3.5%-მდე დაიკლებს. სხვა თანაბარ პირობებში, სურსათის ფასების გავლენას ერთჯერადი ეფექტი ექნება და ეტაპობრივად ამოიწურება. სწორედ ამ დაშვებას ეფუძნება ჩვენი ცენტრალური სცენარიც, ანუ ადგილი არ ექნება ე.წ. მეორე რაუნდის ეფექტებს, როდესაც ინფლაციური ზეწოლა სხვა პროდუქტებზე და მომსახურებაზე გადადის.
სწორედ ამ ტენდენციების გათვალისწინებით მიიღო მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ამჯერად კვლავ შედარებით მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების გადაწყვეტილება. თუმცა, შემდგომი გადაწყვეტილება უკვე დაფუძნებული იქნება მომავალ მონაცემებზე და რისკების რეალიზებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ერთჯერადი ეფექტების გავლენა გახანგრძლივდა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მზად არის მკაცრი პოზიციის მოსალოდნელზე უფრო ხანგრძლივად შესანარჩუნებლად ან კიდევ უფრო გასამკაცრებლად“, - განმარტავს ეკატერინე მიქაბაძე.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 17 დეკემბერს ჩატარდება.




























