მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სურსათის ფასების შესწავლისთვის უახლოეს მომავალში იქნება შერჩეული საერთაშორისო კომპანია - ილია ინჯია

ილია ინჯია

სურსათის ფასების შესწავლის პროცესში მსოფლიოს წამყვანი აუდიტორული კომპანიის ჩართვა იგეგმება, თუმცა კონკრეტული ვადები ჯერ კიდევ ბუნდოვანია. "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატის ილია ინჯიას განცხადებით, პროცესი ორგანიზებას საჭიროებს და გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამას რაღაცა დაორგანიზება სჭირდება და ალბათ უახლოეს მომავალში იქნება შერჩეული კომპანია“, - აღნიშნა ინჯიამ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რას გულისხმობს „უახლოესი მომავალი“, იქნება ეს ერთი, ორი თუ სამი თვე დეპუტატმა მკაფიო ვადის დასახელებისგან თავი შეიკავა: „არა, რას ამბობ, ერთი თვე არა მგონია“.

როგორც "ფასების საპარლამენტო კომისიის" თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი განმარტავს, მიზანი ე.წ. "Big Four"-ის (Deloitte, PwC, EY, KPMG) ერთ-ერთი წარმომადგენლის მოწვევაა. საერთაშორისო გიგანტმა ბაზრის დამოუკიდებელი კვლევა უნდა ჩაატაროს, რაც პროცესს მეტ ობიექტურობას შესძენს.

კვლევის ძირითადი მიმართულებები:

  • FMCG სექტორის ანალიზი: სექტორის სტრუქტურული შესწავლა.
  • რეალური მარჟები: პროდუქტზე არსებული ფასნამატის რეალური ოდენობის დადგენა.
  • საერთაშორისო შედარება: საქართველოს ბაზრის ანალიზი სხვა ქვეყნებთან მიმართებით.

შოთა ბერეკაშვილის თქმით, ამ ეტაპზე კვლევის პირველი ფაზა დასრულებულია. სამუშაო ჯგუფი შემდეგ ეტაპზე გადადის, რაც იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან შეხვედრებს გულისხმობს.

კომისიის წევრები მიიჩნევენ, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვის (იმპორტი, დისტრიბუცია, რითეილი) ერთიანი შესწავლის გარეშე სწორი დიაგნოზის დასმა და პრობლემების მოგვარების მექანიზმების ამოქმედება შეუძლებელია.

ცნობისთვის, საპარლამენტო კომისია სწავლობს ბაზრის სტრუქტურასა და სისტემურ ბარიერებს, რომლებიც ადგილობრივ მწარმოებლებს კონკურენციაში უშლის ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები