მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“სურსათის მაღალი ფასების საკითხი 2 წლის წინაც დაისვა, მაგრამ გაუგებარი მიზეზების გამო შეჩერდა“ – GDBA

ლაშა რიჟამაძე

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა რიჟამაძე აცხადებს, რომ სურსათის მაღალი ფასებზე საუბარი და მწარმოებელსა და რიტეილერს შორის ურთიერთობის რეგულირებისთვის კანონის შემუშავების პროცესი ხელისუფლებამ 2 წლის წინაც დაიწყო, თუმცა პროცესი მაშინ გაუგებარი მიზეზების გამო შეჩერდა. ამის შესახებ მან „საქმის კურსთან“ საუბრისას განაცხადა.

ის აღნიშნავს, რომ რიტეილერებსა და მწარმოებლებს შორის ქსელში შესვლისას პრობლემები კვლავ აქტუალურია და ამაზე ბიზნესგაერთიანებას არაერთხელ უსაუბრია.

„საცალო ვაჭრობის ქსელურ მარკეტებთან ურთიერთობის ფარგლებში ადგილობრივ მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიებისთვის ეს პრობლემა არსებობდა. ჩვენ არაერთხელ მოვიყვანეთ საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითები და ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს ურთიერთობა რეგულირებულია, მაგრამ ეს ურთიერთობა არ არეგულირებს ფასებს, ეს ურთიერთობა არეგულირებს პროცესების სწორად წარმართვის პრინციპებს და კრძალავს გარკვეული ტიპის ქმედებებს, რამაც შეიძლება, რომ ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს საბოლოოდ ფასზე. მათ შორის, არსებობს ევროკავშირის დირექტივა, რომელიც მის წევრ ყველა ქვეყანას ავალდებულებს, რომელსაც მიღებული არ ჰქონდა და ეს სულ რამდენიმეა, ზოგადად, მიეღო ის კანონი, რომელიც დაიცავდა მცირე და საშუალო ბიზნესს, ადგილობრივ მწარმოებელს, საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებთან მიმართებით.

ჩვენთვის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ორი წლის წინ დაისვა ეს საკითხი, მაშინ ამ კანონთან მიმართებით მუშაობა ფორსმაჟორულ რეჟიმში დაიწყო, მაგრამ გაუგებარი მიზეზების გამო პროცესი შეჩერდა. პრობლემა პრობლემად დარჩა - ის, რაზეც წლების განმავლობაში ვსაუბრობთ და დღემდე ეს ურთიერთობა არ არის მოქცეული გარკვეული ტიპის ჩარჩოში, რამაც შესაძლებელია, დადებითი ზეგავლენა მოახდინოს ფასების სტაბილურობის ნაწილში“, - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ, სასურსათო ფასების რეგულირებას ირაკლი კობახიძე აანონსებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები